საკვები ნივთიერებების დაბალანსებულულად მიღება გადამწყვეტია მცენარის სიჯანსაღისთვის, რაც ასევე მოქმედებს ნაყოფის ხარისხსა და მოსავლიანობაზე. მნიშვნელოვანი მაკრო და მიკროელემენტები სხვადასხვა როლს ასრულებენ მცენარის ზრდა-განვითარების პროცესებში: ზოგიერთი ფოტოსინთეზის განუყოფელი ნაწილია, ზოგი კი ხელს უწყობს ფოტოსინთეზის დროს წარმოქმნილი შაქრების სხვადასხვა ნაერთებად გარდაქმნას.
ნებისმიერი საკვები ნივთიერების ნაკლებობამ, ან სიჭარბემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მცენარის ზრდა-განვითარებაზე. იმის გაგება, მცენარე დაბალანსებულად იღებს და ითვისებს თუ არა მიკრო და მაკროელემენტებს, არსებითად მნიშვნელოვანია, თუმცა არც თუ ისე მარტივად დასადგენი საკითხია. მაგალითად, ნიადაგის ანალიზი გვაძლევს ცოდნას იმის შესახებ, თუ რა ელემენტებია ნიადაგში იმ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ არა აუცილებლად იმის შესახებ, თუ რა არის ხელმისაწვდომი მცენარისთვის. მცენარის ქსოვილის (მშრალი მასის) ანალიზი ამ საკითხის შესახებ ინფორმაციის მიღების კიდევ ერთი საშუალებაა. ის აჩვენებს ყველა მინერალურ საკვებ ნივთიერებას, რომელიც ნიმუშად აღებულ ფოთოლშია და განსაკუთრებით გამოსადეგია სეზონის ბოლოს იმის დასადგენად, თუ როგორ იმოქმედა ჩვენ მიერ გამოყენებულმა სასუქებმა. ამ ანალიზით ჩვენ ვუყურებთ მცენარის კვების ისტორიას. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გავიგოთ, თუ რა არის მცენარისთვის ხელმისაწვდომი ანალიზის/ნიმუშის აღების მომენტში.
ამისათვის ჰოლანდიურმა კომპანია NovaCropControl-მა ჯერ კიდევ 2009 წელს წარმოგვიდგინა ფოთლის გამონაწურის ანალიზი. აღნიშნულ ლაბორატორიას აქვს თანამედროვე, სწრაფი და ეფექტური ტექნოლოგიები და მიდგომები, რის შედეგადაც ხანმოკლე პერიოდშივე ვიღებთ ანალიზის შედეგებს.
იოტო აგრო აქტიურად თანამშრომლობს NovaCropControl–თან. ფოთლის გამონაწურის ანალიზის პასუხების შესაბამისად ხდება კვების სქემებს შედგენა სხვადასხვა კულტურებში.
ფოთლის გამონაწურის ანალიზი არის ყველაზე ზუსტი გზა მცენარისთვის ხელმისაწვდომი საკვები ნივთიერებების გასაზომად სინჯის აღების დროს. იგი ზომავს აქტიურ სითხეებს ძარღვებში, ქსილემასა და ფლოემაში. მას ასევე შეუძლია გამოავლინოს ისეთი დეტალები, რომლებიც შესაძლოა ფოთლის ანალიზში არ გამოჩენილიყო. ამ ანალიზის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ იგი ავლენს პოტენციურ ნაკლოვანებებს უფრო ადრე (შესაძლოა ერთი-ორი კვირით ადრეც კი), ვიდრე ქსოვილის ანალიზი. მიკროელემენტი ბორის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, ფოთლის გამონაწურის ანალიზი გვიჩვენებს, თუ რა რაოდენობით არის ბორი ppm-ებში მცენარეში. ახალგაზრდა ფოთლის გამონაწურის შედარებით ძველი ფოთლის გამონაწურთან, ფერმერს შეუძლია გაიგოს საკვები ელემენტების მობილურობისა და მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ, სანამ ის აშკარა გახდება და დაეტყობა მცენარეს. ამ ყოველივეს გაგება კი ქსოვილის ანალიზის საშუალებით შეუძლებელია.
ქსოვილის ანალიზი არის შეფასება იმისა, რაც მოხდა წარსულში, ხოლო გამონაწურის ანალიზი არის სურათი, საკვები ელემენტების ხელმისაწვდომობის შესახებ რეალურ დროში. გამონაწურის ანალიზი ფერმერს ასევე საშუალებას აძლევს, ნახოს, თუ როდის არიან ანტაგონისტური საკვები ნივთიერებები ერთმანეთთან კონკურენციაში. ამიტომაც, ეს ანალიზი გვეხმარება, რომ მცენარეს სწორად მივაწოდოთ საკვები ნივთიერებები თითოეულ ფენოლოგიურ ფაზაში.
ზოგადად, მობილური (მოძრავი) საკვები ელემენტებია:
- აზოტი (N)
- კალიუმი (K)
- მაგნიუმი (Mg)
- ფოსფორი (P)
აღნიშნული ელემენტების დეფიციტი პირველ რიგში ძველ ფოთლებზე ჩნდება.
საშუალოდ მობილური (მოძრავი) საკვები ელემენტებია:
- გოგირდი (S)
- რკინა (Fe)
- მანგანუმი (Mn)
- თუთია (Zn)
- სპილენძი (Cu)
- მოლიბდენი (Mo)
ხოლო, არამობილური (უმოძრაო) საკვები ელემენტებია:
- კალციუმი (Ca)
- ბორი (B)
ამ ელემენტების დეფიციტი პირველ რიგში ახალგაზრდა ფოთლებზე ჩნდება.
რაც შეეხება ანტაგონისტურ რეაქციებს:
- როდესაც კალიუმი (K) იმატებს, კალციუმი (Ca), მაგნიუმი (Mg), ნატრიუმი (Na) – მცირდება.
- როდესაც ფოსფორი (P) იმატებს, ქლორი (Cl), ნიტრატები, გოგირდი (S) – მცირდება.
- როდესაც ნატრიუმი (Na) იმატებს, კალციუმი (Ca), მაგნიუმი (Mg), კალიუმი (K) – მცირდება.
- როდესაც ფოსფორი (P) იმატებს, რკინა (Fe), მაგნიუმი (Mg), თუთია (Zn) – მცირდება.
მნიშვნელოვანია pH-ის გავლენაც მცენარის მიერ საკვები ნივთიერებების შეთვისებაზე. მაღალი pH ამცირებს ფოსფორის, მიკროელემენტების (რკინა, თუთია, მანგანუმი, სპილენძი) შეთვისებას, მაგრამ უკეთ ხდება მოლიბდენის შეთვისება. დაბალი pH კი ამცირებს ფოსფორის, მოლიბდენის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, აზოტის, გოგირდისა და ბორის ათვისებას. ამ პირობებში კი უკეთ ხდება ალუმინის ათვისება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამონაწურის ანალიზი Novacropcontrol-ში შეიძლება გაკეთდეს 200-ზე მეტი კულტურისთვის და ზომავს 16 სხვადასხვა საკვებ ელემენტს, მათ შორის აზოტს 3 განსხვავებული ფორმით, შაქრების საერთო შემცველობას, EC-სა და pH-ს.
- კალციუმი (Ca)
- კალიუმი (K)
- მაგნიუმი (Mg)
- ნატრიუმი (Na)
- აზოტი (ნიტრატული ფორმა, ამიაკური ფორმა, საერთო შემცველობა)
- ქლორი (Cl)
- გოგირდი (S)
- ფოსფორი (P)
- სილიციუმი (Si)
- რკინა (Fe)
- მანგანუმი (Mn)
- თუთია (Zn)
- ბორი (B)
- სპილენძი (Cu)
- მოლიბდენი (Mo)
- ალუმინი (Al)
ფოთლის გამონაწურის ანალიზის მთავარი უპირატესობები:
- გავიგოთ მცენარეში საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობისა და შეთვისების შესახებ.
- გავაუმჯობესოთ სასუქების ეფექტურობა.
- გვერდი ავუაროთ საკვები ელემენტების ნაკლოვანებას ან სიჭარბეს, სანამ მცენარეს გარეგნულად შეეტყობა.
- გავაუმჯობესოთ მცენარის სიჯანსაღე, შესაბამისად, შევამციროთ პესტიციდების გამოყენება.
- გავაუმჯობესოთ მცენარისა და ნაყოფის ხარისხი.
ამ ანალიზის საშუალებით ჩვენ შეგვეძლება რეალურ დროში, სეზონის პარალელურად, ზუსტი და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ მცენარის ზრდა-განვითარებისა და ნაყოფიერი მოსავლის მიღებისთვის.
კონსულტაციისთვის მოგვმართეთ – იოტო აგრო | ნაყოფიერი აგრობიზნესისთვის www.ioto.ge | 0322 11 1717