ტექნოლოგიები, გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები აგროსექტორში: 13-14 ნოემბერს “ექსპო ჯორჯიაში” Agro Food Expo Georgia 2026 გაიმართება

Agro, Food, Expo, Georgia

სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მასშტაბური ღონისძიება, Agro Food Expo Georgia 2026, თბილისის საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში წელს რიგით 24-ედ გაიმართება. გამოფენის კურატორის, ნინო გამრეკელის თქმით, ფორუმი სრულ აგროსასურსათო ჯაჭვს მოიცავს: ნიადაგის დამუშავებიდან გადამუშავებამდე, შეფუთვამდე და ბაზარზე გატანამდე.

გამოფენა “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში 13 და 14 ნოემბერს (პარასკევსა და შაბათს), 10:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება.

წლევანდელ გამოფენაში 100-მდე კომპანია მონაწილეობს 8 ქვეყნიდან. ფართოდ არის წარმოდგენილი საერთაშორისო სექტორი გამორჩეული ბრენდებით, მათ შორის კორეა (9 კომპანიით), ნიდერლანდები და იტალია. გამოფენა უპირატესად B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) ფორმატში წარიმართება და ამ სფეროს პროფესიონალებს პირდაპირი საქმიანი კონტაქტების დამყარებაში დაეხმარება.

ადგილობრივი ფერმერებისთვის გამოფენაზე სპეციალური საქმიანი დამთვალიერებლის პროგრამა იმოქმედებს, რომელიც რეგიონებიდან ფერმერებისა და მწარმოებლების მოწვევას და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მსურველებს რეგისტრაცია გამოფენის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეუძლიათ გაიარონ.

დამთვალიერებლები იხილავენ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და საწარმოო დანადგარებს, მათ შორის:

  • აგროდრონებსა და მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველ ციფრულ დანადგარებს;
  • სარწყავ სისტემებსა და მოსავლის დამცავ ბადეებს;
  • ორგანულ სასუქებს;
  • ჩირის გამოშრობის ხაზებს და შესაფუთ ტექნოლოგიებს, მათ შორის საცხობი დანადგარების დემონსტრაციას.

მართალია, მოწინავე ტექნოლოგიები ჯერჯერობით მეტწილად უცხოეთიდან შემოდის, თუმცა, ნინო გამრეკელის თქმით, ადგილობრივი წარმოებაც იზრდება. მისი შეფასებით, განსაკუთრებით აქტუალურია ორგანული სასუქების მიმართულება, რომელიც ფასებითა და პირობებითაც კონკურენტულია.

ფერმერებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაფინანსებაზე წვდომა რჩება. ზოგიერთი პროგრამა შეწყდა, თუმცა ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება. ამ თემაზე გამოფენის ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართება. სახელმწიფო, საერთაშორისო და კერძო სექტორის ინსტიტუციები თანადაფინანსების პროგრამებზე ისაუბრებენ, ფერმერებს კი მათთვის კითხვების დასმის და ადგილზე განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.

პარტნიორები და პროფესიული დისკუსიები

გამოფენაზე ორი დღის განმავლობაში გაიმართება პანელური დისკუსიების სახით დაგეგმილი პროფესიული შეხვედრები.

“საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციასთან” თანამშრომლობით, პირველად გაიმართება პანელი აგროჟურნალისტების ფუნქციასა და მნიშვნელობაზე. დამსწრეები შეეცდებიან ამ მიმართულებით არსებული საინფორმაციო სივრცის გამოწვევები წარმოაჩინონ და მათთან გამკლავების იდეები გააზიარონ. 

“საინფორმაციო სივრცეში თითქმის არ არსებობს გადაცემა, რომელიც სოფლის მეურნეობას ფარავს. აგრობლოგერები, რომელთაც ხშირად ჟურნალისტური გამოცდილება არ აქვთ, შედიან სფეროში და თავადვე უწევთ საკუთარი თავის პოზიციონირება”, – აცხადებს ნინო გამრეკელი. 

წელს გამოფენის პარტნიორი “საქართველოს ფერმერთა ასოციაცია” გახდა. მისი წევრებისთვის დაგეგმილია საქმიანი ვიზიტები და B2B შეხვედრები, ასევე პანელური დისკუსიები აგროგანათლებასა და ექსპორტის შესაძლებლობებზე.

არამხოლოდ საქმიანი შეხვედრები

გამოფენაზე დაგეგმილია ტრაქტორების შოუ, სადაც მსურველებს ტექნიკის ადგილზე გამოცდის საშუალება ექნებათ. რიგითი დამთვალიერებლებისთვის წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქციაც, მაგალითად ჩირი, თხილეული, ჩურჩხელა, თხილეული, ზეთისხილი, ჯემები და სანელებლები.


პროექტის ხელმძღვანელის, ნინო გამრეკელის თქმით, ასეთ გამოფენებს ინფორმაციისა და ახალი იდეების გაცვლის დანიშნულება აქვთ მინიჭებული, რაც ადგილობრივ წარმოებას ეხმარება, კონკურენტუნარიანობისა და პროდუქციის ხარისხის ზრდაში.

თქვენი რეკლამა