რატომ იზრდება მსოფლიოში წაბლის ფქვილის პოპულარობა?

წაბლის, ფქვილი

წაბლის ფქვილი, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ტრადიციულ პროდუქტად ითვლებოდა, დღეს ჯანმრთელი კვებისა და გლუტენისგან თავისუფალი პროდუქტების მზარდი ბაზრის ნაწილად იქცა.

მსოფლიო კვების ინდუსტრიაში ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ალტერნატიულ ფქვილებზე. თუ ადრე ბაზარზე ძირითადად ნუშის, ქოქოსის ან შვრიის ფქვილი დომინირებდა, დღეს ყურადღებას წაბლის ფქვილიც იპყრობს. ამის მთავარი მიზეზი მომხმარებელთა ინტერესია ბუნებრივი, ნაკლებად დამუშავებული და გლუტენისგან თავისუფალი პროდუქტების მიმართ.

წაბლის ფქვილი გამომშრალი და დაფქული წაბლისგან მზადდება. მას ბუნებრივად ტკბილი გემო აქვს, არ შეიცავს გლუტენს და მდიდარია ბოჭკოთი, მინერალებითა და ვიტამინებით. სწორედ ამიტომ მას აქტიურად იყენებენ პურის, ნამცხვრების, მაკარონის, ბლინებისა და სხვა სპეციალიზებული პროდუქტების წარმოებაში.

განსაკუთრებით სწრაფად იზრდება მოთხოვნა ევროპაში, სადაც წაბლის ფქვილი უკვე გასცდა ტრადიციული სამზარეულოს ფარგლებს და ჯანმრთელი კვების ინდუსტრიის ნაწილად იქცა. იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ის ფართოდ გამოიყენება როგორც საცხობ, ისე საკონდიტრო წარმოებაში, ხოლო სულ უფრო მეტი კომპანია მას ფუნქციურ და პრემიუმ ინგრედიენტად განიხილავს.

ბაზრის სტრუქტურა და გამოყენება

  • მთავარი მომხმარებელი სეგმენტი
    წაბლის ფქვილის მსოფლიო ბაზრის 60%-ზე მეტი მოდის საცხობ და საკონდიტრო ინდუსტრიაზე. პროდუქტი ფართოდ გამოიყენება პურის, ნამცხვრების, მაკარონისა და გლუტენისგან თავისუფალი საკვები პროდუქტების წარმოებაში.
  • პროდუქტის ტიპები
    გაყიდვების 70%-ზე მეტი მოდის ჩვეულებრივ (Conventional) წაბლის ფქვილზე, თუმცა ორგანული (Organic) პროდუქციის სეგმენტი ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად ითვლება.
  • ორგანული პროდუქციის ზრდა
    ბიო/ორგანულ წაბლის ფქვილზე მოთხოვნა საშუალოდ 9%-ით იზრდება წელიწადში, რაც ჯანსაღი კვებისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიმართ მზარდ ინტერესს უკავშირდება.

ბაზრის ზრდას ხელს უწყობს კიდევ ერთი ფაქტორი — წაბლის ფქვილი მთელი წლის განმავლობაში რეალიზდება, მაშინ როდესაც ახალი წაბლი სეზონური პროდუქტია. ეს გადამამუშავებელ საწარმოებსა და ფერმერებს დამატებითი ღირებულების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

ექსპერტების შეფასებით, წაბლის ფქვილის მსოფლიო ბაზარი მომდევნო წლებში ზრდას გააგრძელებს. მოთხოვნას განსაკუთრებით ზრდის გლუტენისგან თავისუფალი პროდუქტების პოპულარობა, მცენარეულ კვებაზე გადასვლის ტენდენცია და მომხმარებლების მზარდი ინტერესი ტრადიციული კულტურებისგან მიღებული პროდუქტების მიმართ.

წაბლის ფქვილი ციფრებში

ბაზრის მოცულობა და პროგნოზი

  • დღევანდელი ბაზარი: წაბლის ფქვილის გლობალური ბაზარი დაახლოებით 378 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.
  • მომავლის პროგნოზი: ანალიტიკოსების შეფასებით, 2032 წლისთვის ბაზრის მოცულობა 659.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.
  • ზრდის ტემპი: ბაზარი საშუალოდ 7.2-7.3%-ით იზრდება წელიწადში, რაც კვების მრეწველობისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ლიდერი რეგიონები

ევროპა (გლობალური ბაზრის 38%) წლიური მოხმარება 160 000 ტონაზე მეტია

  • იტალია ევროპული ბაზრის დაახლოებით 45%-ს აკონტროლებს;
  • საფრანგეთის წილი დაახლოებით 22%-ია.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი წლიური მოხმარება დაახლოებით 90 000 ტონა

  • ჩინეთი — 35 000 ტონა;
  • ინდოეთი — 25 000 ტონა;
  • იაპონია — 15 000 ტონა.

ჩრდილოეთ ამერიკა (გლობალური ბაზრის 20%)

  • მხოლოდ აშშ-ში წლიური მოხმარება 18 500 ტონას აღწევს.

რატომ არის ეს საინტერესო საქართველოსთვის?

საქართველოში წაბლი ტრადიციული კულტურაა, განსაკუთრებით დასავლეთ რეგიონებში. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში პროდუქცია კვლავ ნედლი სახით იყიდება. მსოფლიო ტენდენციები აჩვენებს, რომ ყველაზე სწრაფად სწორედ გადამუშავებული პროდუქტების — ფქვილის, პიურეს, საკონდიტრო ნაწარმისა და ფუნქციური საკვების ბაზარი იზრდება. შესაბამისად, დამატებითი ღირებულების შექმნა შესაძლოა მომავალში ქართული წაბლის სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცეს.

ავტორი: მალხაზ ხაზარბეგიშვილი
გამოყენებული რესურსები: FAO, Eurostat, OECD Agriculture.

თქვენი რეკლამა