ყაზახეთის თურქესტანის რეგიონში გრძელდება ერთ-ერთი უმსხვილესი სასათბურე საინვესტიციო პროექტის — „ეკოკულტურა-ევრაზიის“ — განხორციელება. პროექტის სრულ ამოქმედების შემდეგ კომპლექსი წლიურად 27 000 ტონამდე პომიდვრის წარმოებას შეძლებს.
ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში გასულ წელს 6.25 ჰექტარზე გაშენებულ სათბურში მაღალმოსავლიანი Klimon F1-ის ჯიშის პომიდვრის ნერგები დაირგო. პირველივე ეტაპზე საწარმომ 2 მილიონი კილოგრამი, ანუ 2 000 ტონა პომიდორი აწარმოა.
სამინისტროს განცხადებით, პროექტი თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. კომპლექსში გამოიყენება წვეთოვანი მორწყვის სისტემები, ასევე წყლისა და ენერგორესურსების ეფექტიანი მართვის გადაწყვეტილებები, რაც წარმოების ხარჯების შემცირებასა და რესურსების რაციონალურ გამოყენებას უწყობს ხელს.
ამჟამად მიმდინარეობს სათბურის კომპლექსის გაფართოება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე ექსპლუატაციაში დამატებით 37.5 ჰექტარი სასათბურე ფართობის გაშვებაა დაგეგმილი. შედეგად, პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში მოქმედი სათბურების საერთო ფართობი 50 ჰექტარს გადააჭარბებს.
პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 42 მილიარდ ტენგეს (დაახლოებით 91 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს. ამ ეტაპზე უკვე შექმნილია 130 მუდმივი სამუშაო ადგილი, ხოლო სრული საპროექტო სიმძლავრის მიღწევის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 1 000-ს გადააჭარბებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, „ეკოკულტურა-ევრაზიის“ პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის აგროსექტორის ტექნოლოგიურ მოდერნიზაციაში. პროექტი ხელს შეუწყობს რესურსების ეფექტიან გამოყენებას, რეგიონებში დასაქმების ზრდას და ადგილობრივი ბოსტნეულის წარმოების გაფართოებას.
სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ახალი სათბურები მნიშვნელოვნად გაზრდის პომიდვრის მიწოდებას შიდა ბაზარზე, მათ შორის არასეზონურ პერიოდშიც, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და გააძლიერებს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
ყაზახეთში სასათბურე მეურნეობების რაოდენობა ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება. ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში 2 300 სათბური ფუნქციონირებდა, მაშინ როდესაც 2025 წელს მათი რაოდენობა 2 100 იყო.
2026 წლის იანვარ-ივნისში სათბურებში მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო კულტურების საერთო მოსავალმა 110 400 ტონა შეადგინა, მათ შორის 45 800 ტონა კიტრი და 62 700 ტონა პომიდორი.
წყარო: agrosektor

