კალაბრიული ბერგამოტი – როგორ იქცევა პარფიუმერიის სიმბოლო ახალ საკვებ კატეგორიად?

ბერგამოტი

იტალიის სამხრეთში, კალაბრიის რეგიონში მოყვანილი ბერგამოტი (Citrus bergamia) საუკუნეების განმავლობაში ძირითადად პარფიუმერიასთან ასოცირდებოდა.

ბერგამოტის ეთერზეთი მსოფლიოში ცნობილი სუნამოების ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია და ექსპერტების შეფასებით, მაღალი კლასის არომატების უმეტესობაში სწორედ მისი ნოტები გამოიყენება. თუმცა ბოლო წლებში ეს უნიკალური ციტრუსი სრულიად ახალ მიმართულებას იძენს — ის სულ უფრო აქტიურად მკვიდრდება კვების ინდუსტრიაში.

ბერგამოტი გარეგნულად ფორთოხალს ჰგავს, თუმცა მისი გემო უფრო მწარე და არომატული აქვს. სწორედ ამ მიზეზით ნაყოფს ტრადიციულად იშვიათად მიირთმევდნენ ახალი სახით. მისი ძირითადი ღირებულება ეთერზეთი იყო, რომელსაც პარფიუმერიაში, კოსმეტიკასა და არომათერაპიაში იყენებდნენ.

დღეს ვითარება იცვლება. მწარმოებლები ბერგამოტისგან სულ უფრო მეტ საკვებ პროდუქტს ამზადებენ — წვენებს, მურაბებს, მარმელადს, ტკბილეულს, უალკოჰოლო სასმელებს, ჩაის, სოუსებსა და სხვადასხვა გასტრონომიულ პროდუქტს. განსაკუთრებული ინტერესი კი ბერგამოტის წვენის მიმართ იზრდება, რადგან იგი მდიდარია ფლავონოიდებითა და სხვა ბიოაქტიური ნაერთებით, რომლებიც ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა.

ამ ცვლილებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის (PGI) მიღების პროცესი. 2026 წლის თებერვალში იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „Bergamotto di Reggio Calabria PGI“ განაცხადი ეროვნულ დონეზე დაასრულა და ევროკავშირში გადააგზავნა. თუ რეგისტრაცია წარმატებით დასრულდება, დაცული სტატუსი უკვე არა მხოლოდ ეთერზეთს, არამედ თავად ახალ ნაყოფსაც შეეხება. ეს მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტი ერთიანი, დაცული წარმოშობის ნიშნით შესთავაზონ.

ექსპერტების შეფასებით, ასეთი სტატუსი მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც ახალი ბერგამოტის, ისე მისგან დამზადებული საკვები პროდუქტების კონკურენტუნარიანობას. პარალელურად, მომხმარებელთა ინტერესი ბუნებრივი ინგრედიენტებისა და ფუნქციური საკვების მიმართ მსოფლიოში მუდმივად იზრდება, რაც ბერგამოტის ბაზარს დამატებით შესაძლებლობებს უქმნის.

კალაბრიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურის ღირებულება მხოლოდ ნედლეულის წარმოებით არ განისაზღვრება. სწორი ბრენდინგი, გეოგრაფიული აღნიშვნა, გადამუშავება და ახალი ბაზრების განვითარება შეიძლება იმ კულტურასაც კი ახალ სიცოცხლეს სძენდეს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინდუსტრიასთან ასოცირდებოდა.

ბერგამოტის ისტორია სწორედ ასეთი ტრანსფორმაციის მაგალითია — პარფიუმერიის ცნობილი ნედლეული თანდათან იქცევა მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საკვებ პროდუქტად, რაც კალაბრიის ფერმერებისთვის და გადამამუშავებელი სექტორისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის.

წყარო: EastFruit

თქვენი რეკლამა