თხილის უეცარი ხმობის პრევენციის საკითხებზე გურიასა და სამეგრელოში სემინარები გაიმართა

თხილის, უეცარი, ხმობა

გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში თხილის მწარმოებლებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო სემინარები ჩატარდა, რომლის მიზანი თხილის წარმოებაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ფერმერებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება იყო.

სემინარებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი და მცენარეთა ინტეგრირებულის დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსი ზურა ხიდეშელი უძღვებოდნენ.

შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თხილის უეცარ ხმობას, რომელიც ბოლო წლებში სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია დაავადების გამომწვევი მიზეზების, მისი გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ასევე, განხილული იყო ბაღების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების, დაავადებული მცენარეების დროული გამოვლენისა და ინფექციის წყაროების შემცირების ეფექტიანი გზები.

სემინარებზე საუბარი შეეხო 2026 წლის გაზაფხულზე არსებული კლიმატური პირობების გავლენას თხილის ბაღებში მიმდინარე სავეგეტაციო პროცესებზე. მონაწილეებს მიეწოდათ რეკომენდაციები მცენარეთა დაცვის ღონისძიებების სწორად დაგეგმვის, სარეველებისა და ამონაყრების კონტროლის, სხვლა-ფორმირების, ბაღების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სხვა მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ.

ღონისძიებებს თხილის მწარმოებელი ფერმერები, აგრონომები, სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები და დარგით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ. შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა სპეციალისტებისგან მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია.

რა უნდა ვიცოდეთ თუ თხილის ბაღის გაშენება გვინდა

თქვენი რეკლამა