სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს

სემეკი

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი (ENTC) პროექტის განხორციელებას იწყებს, სახელწოდებით: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს.

პროექტის მიზანია ვიშეგრადის ქვეყნების (უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების მიმართ მზადყოფნის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სიღრმისეული კვლევის მომზადება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების შესწავლა, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

პროექტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო კომპონენტებსაც, მაშ შორის  საჯარო ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზებას, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების, საჯარო მოხელეებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ცნობიერების დონის ამაღლებას. პროექტის საპილოტე რეგიონად შერჩეულია გურია. აქტივობები, რომლებიც მოიცავს კვლევის შედეგების პრეზენტაციასა და პრაქტიკული გზამკვლევის შექმნას, ხელს შეუყობს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ზრდას საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. პროექტი იწყება 2026 წლის მაისში და დასრულდება 2027 წლის ოქტომბერში.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია პროექტის ვებგვერდზე v4share.com

თქვენი რეკლამა