საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გარდაბანში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა.
დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ რეგულაციებსა და მომხმარებელთა უფლებებზე:
„სემეკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. შესაბამისად, სემეკი მუდმივად ნერგავს ისეთ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა უფლებების ეფექტიან დაცვას. მინდა მივმართო მოსახლეობას, თუ კომუნალური კომპანიების მიერ ადგილი ექნება მათი უფლებების დარღვევას, მაგალითისთვის ადგილი ექნება ზედმეტ დარიცხვებს ან მომსახურების ხარისხის გაუარესებას, აუცილებლად მომართონ სემეკს. 2025 წელს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, სემეკმა განიხილა 1827 საკითხი, რომელთა შესწავლის შედეგადაც კომისიამ მოქალაქეებს ჩამოაწერა 1,290,244 ლარი.
აქვე, აღსანიშნავია, რომ მომსახურების ხარისხის კონტროლის მიმართულებით სემეკს შემუშავებული აქვს შესაბამისი სტანდარტები, რომელთა შესრულებაც კომუნალური კომპანიებისათვის სავალდებულოა. მათი დარღვევის შემთხვევაში, სემეკის რეგულაციის შესაბამისად, კომპანიებს ევალებათ კომპენსაციის გადახდა მოქალაქეებისათვის. საგულისხმოა, რომ 2017 წლიდან დღემდე, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, კომუნალური კომპანიების მიერ კომპენსაციის სახით მოქალაქეებზე გაცემულია 24,919,703 ლარი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორში არსებული სიახლეები, ასევე ისაუბრა გამარტივებულ მომსახურებებზე, რომლებიც მოქალაქეებს უმარტივებს სერვისების მოკლე დროში მიღებას. მისი თქმით, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მომხმარებლისთვის გამარტივებული მომსახურების შეთავაზებას ისახავს მიზნად, დღემდე 137,434-მა მოქალაქემ ისარგებლა: „რაც შეეხება სემეკის მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ მოკლე დროში მობილური ტელეფონის საშუალებით მიიღოს კომუნალური ინფორმაცია, დღემდე 8 მილიონამდე ტრანზაქცია განხორციელდა“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
9-16 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების – სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

