2026 წლის საირიგაციო სეზონი: როგორ მივიღოთ გარანტირებული წყალი — ფერმერის გზამკვლევი

საირიგაციო, ვანო, მეჭურჭლიშვილი

2026 წლის საირიგაციო სეზონთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი საუბრობს.

„ზამთარი იწურება და სოფლად საგაზაფხულო სამზადისი იწყება. ბუნებრივია, მიწის დამუშავებასთან ერთად, ფერმერის მთავარი საფიქრალი წყალია.სემეკის რეგულაციების საფუძველზე, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ საჯარო განხილვების შემდეგ, 2026 წლის 30 იანვარს დაამტკიცა საირიგაციო წყლის მიწოდების ახალი რეჟიმი. ეს დოკუმენტი უკვე კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა და ის გვაჩვენებს „დიდ სურათს“ — როდის არის დაგეგმილი წყლის გაშვება თქვენს არხზე.

გეგმა მხოლოდ ფურცელია, თუ მას ჩვენი დროული ქმედება არ მოჰყვა. მინდა აგიხსნათ ახალი წესები და ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გონიერი მეურნე, რომ ზაფხულში წყლის გარეშე არ დარჩეს.

  1. რატომ უნდა შევათანხმოთ განრიგი „ახლავე“?

თებერვლიდან – აპრილამდე მოქმედებს ფერმერებისთვის (საირიგაციო მიზნით) წყლის ათვისების ე.წ. „უპირატესობი პერიოდი“. ხშირად სვამენ კითხვას: „რატომ უნდა გავაფორმო განრიგი ზამთარში, როცა მორწყვა მაისში მჭირდება?“

პასუხი ტექნიკურია: საირიგაციო სისტემა არ არის ონკანი. ჩვენი სისტემების უმეტესობა ღია არხებია, წყალს კი კილომეტრების გავლა და მომზადებული კალაპოტი სჭირდება. როდესაც თქვენ თებერვალ-მარტში აფორმებთ განრიგს, ამით კომპანიას უგზავნით მკაფიო სიგნალს: „ამ არხზე წყალია საჭირო“.

სწორედ ამ „სიგნალების“ მიხედვით გეგმავს კომპანია ტექნიკისა და ადამიანური რესურსის მობილიზებას. ვინც ადრე ითხოვს, მისი არხი პრიორიტეტულად იწმინდება. დაგვიანებული განცხადება კი ხშირად ნიშნავს მოუმზადებელ ინფრასტრუქტურას და დაგვიანებულ წყალს

ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო სუბსიდიის კუთხითაც. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი დროულად არ შეათანხმებს წყალსარგებლობის განრიგს, შესაძლებელია პროცესუალური (დოკუმენტური თანხვედრა/ტექნიკური დამუშავება) პრობლემების გამო გართულდეს სუბსიდიის მექანიზმის გამოყენებაც.

  1. ახალი ლოგიკა: ვიხდით იმას, რასაც ვიყენებთ

მელიორაციის სექტორში გადახდის სისტემის მთავარი პრინციპი სამართლიანობა და გამჭვირვალობა ხდება.

  • რა შეიცვალა?
    • სატარიფო განაკვეთი კვლავ ფართობზე (ჰექტარზე) არის მიბმული (მათთვის, ვისაც არ აქვს მრიცხველი), მაგრამ გადახდის ვალდებულება ჩნდება მხოლოდ ფაქტობრივი მოხმარების — ანუ შესრულებული რწყვის ოპერაციების დროს.
  • რას ნიშნავს ეს?
    • მორწყავთ ერთხელ? — იხდით მხოლოდ ერთი მორწყვის საფასურს.
    • მორწყავთ სამჯერ? — იხდით სამისას.

ქვითარში გამჭვირვალედ გამოჩნდება მომსახურების სრული (რეალური) ღირებულება და ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო იხდის სუბსიდიის სახით.

გამჭვირვალობა ზრდის პასუხისმგებლობას: როცა ნათლად ჩანს, რაში იხდით და რას აფინანსებს სახელმწიფო, თქვენ გეძლევათ მყარი საფუძველი, მოითხოვოთ ხარისხი — წყლის დროული მიწოდება და გამართული ინფრასტრუქტურა.

  1. იცოდეთ თქვენი უფლება: „მიწოდების წერტილი“

ხშირად დავის საგანია, სად მთავრდება კომპანიის პასუხისმგებლობა და სად იწყება თქვენი.

მიწოდების წერტილი — ეს არის თქვენს ნაკვეთთან უახლოესი წყალსარეგულაციო კვანძი. წესების მიხედვით, კომპანია ვალდებულია წყალი მოიყვანოს ამ წერტილამდე.

  • რჩევა: თუ ხედავთ, რომ მიწოდების წერტილი შორსაა ან მოუხერხებელია, წერილობით მოითხოვეთ მისი დაზუსტება. ეს პროცესი ბევრად ეფექტურია, თუ მეზობელ ფერმერებთან ერთად ჯგუფურად მიმართავთ კომპანიას.
  1. წესრიგი სისტემაში: ტბორები და არაკეთილსინდისიერი მოხმარება

2026 წელს მკაცრდება კონტროლი წყლის დიდ არაპროფილურ მომხმარებლებზე (მაგ: თევზსაშენ მეურნეობებზე).

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია რიგითი ფერმერისთვის. როდესაც ტბორი წყალს უკონტროლოდ იღებს საირიგაციო სისტემიდან, ადგილი აქვს წლის ზენორმირებულ მოხმარებას, რაც მრავალ პრობლემას იწვევს. მარტივად რომ ვთქვათ, არხში დონე ეცემა და სისტემის „ბოლოში“ მყოფ ფერმერამდე წყალი ვეღარ აღწევს. აღრიცხვიანობის მოწესრიგება ემსახურება ერთადერთ მიზანს: სისტემა არ გადავიდეს დეფიციტში და წყალი ყველას სამართლიანად ეყოს.

  1. მარტივი გზები მომსახურების მისაღებად

ოფისებში რიგში დგომა საჭირო აღარ არის. გამოიყენეთ თანამედროვე არხები:

  1. SMS დადასტურება (ყველაზე სწრაფი): თუ შარშან უკვე გქონდათ განრიგი და პირობებს (კულტურა, ფართობი) არ ცვლით, დაელოდეთ სმს-ს და დაადასტურეთ კოდით. ეს ავტომატურად გაქცევთ პრიორიტეტულ მომხმარებლად.
  2. *303# და OK: ინტერნეტი არ გაქვთ? აკრიფეთ ეს კოდი მობილურზე. აქედან შეგიძლიათ დააფიქსიროთ წყლის შეფერხება ან ავარია, ასევე მოითხოვოთ სხვადასხვა მომსახურება. თანამშრომელთან სიტყვიერ შეთანხმებას ან სატელეფონო ზარს, სისტემაში დაფიქსირებული განაცხადი სჯობს, რადგან მიმართვა ოფიციალურად ფიქსირდება და საკითხის მოძებნა/გაკონტროლება უფრო მარტივია, და კომპანიას უჩნდება რეაგირების სამართლებრივი ვალდებულება.
  3. იუსტიციის სახლი: კომპანიისთვის განაცხადით მიმართვა, წყალსარგებლობის განრიგის გაფორმება, პრეტენზია თუ საჩივარი (მათ შორის სემეკში გასაგზავნი) შეგიძლიათ ჩააბაროთ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.

შეჯამება: წარმატებული სეზონი იწყება არა ყანაში, არამედ სწორი დაგეგმვით. გამოიყენეთ თებერვალი-მარტი წყალსარგებლობის განრიგის გასაფორმებლად. გახსოვდეთ: შეთანხმებული განრიგი არის თქვენი გარანტია, რომ დაიცვათ თქვენი უფლებები, კომპანიამ წყალი მოგაწოდოთ, ხოლო ამ განრიგის გარეშე წყლის თვითნებური აღება — უკანონო მოხმარებაა.

თქვენი რეკლამა