ჩვეულებრივი ოქროწკეპლა – სამკურნალო მცენარე, რეცეპტი

845 Views

ოქროწკეპლა ჩვეულებრივი (Solidago Virgaurea L) ასტრასებრთა ოჯახში შედის. ოქროწკეპლა ჩვენი ტყეებისა და ბუჩქნარების მკვიდრი, მრავალწლოვანი, 25-100 სმ სიმაღლის მცენარეა.

ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, მოყვანილობით ფართო ნიჩაბს ან კვერცხს მოგვაგონებს, ღეროს შუა ნაწილში განლაგებული ფოთლები აგრეთვე კვერცხისებრი ან ლანცეტისებრია.

ფოთლის ყუნწს აქეთ-იქედან ფრთები ჩასდევს, რაც ფირფიტის გაგრძელებას წარმოადგენს, ღეროს ზედა ნაწილის ფოთლები მჯდომარე ან ფრიად მოკლეყუნწიანია, ღეროს ყველა ნაწილში განლაგებული ფოთლები კიდეხერხკბილაა.

ჰყვავის მტევნისმაგვარ საგველად თავმოყრილი, ყვითელი კალათა ყვავილედებით. იზრდება შედარებით ტენით უზრუნველყოფილ ტყეებსა და ბუჩქნარებში.

ყვავილობს საკმაოდ ხანგრძლივად, ივლისიდან სექტემბრამდე. უხვნექტრიანი თაფლის მომცემი მცენარეა. განსაკუთრებული უხვნექტრიანობით მცირე ინტენსივობის წვიმების შემდეგ გამოირჩევა.

ხანგრძლივი ყვავილუნარიანობის გამო სასურველი მცენარეა დეკორატიული მებაღეობისათვის ზომიერად მშრალი და ნესტიანი ადგილების გასამშვენიერებლად.

ღერო, ფოთლები და ყვავილები ყვითელი საღებავის მისაღებად გამოიყენება. საქონელი თითქმის არ ძოვს, მისი მნიშვნელოვანი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საქონელი იწამლება, ცუდად მოქმედებს თირკმლებზე.

ოქროწკეპლა, სამკურნალო, მცენარე

ხალხურ მედიცინაში ოქროწკეპლას აყვავებული ბალახი გამოიყენება როგორც შემკვრელი კუჭაშლილობისას, სურავანდის საწინააღმდეგო და შარდმდენი საშუალება ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების, სიყვითლისა და ტუბერკულოზის დროს.

ყვავილების ნახარშს საშარდე ბუშტის ანთებისა და სიყვითლის სამკურნალოდ ხმარობენ. ნედლ ფოთლებს ჭრილობებზე იდებენ. გერმანიაში ოქროწკეპლა ვენების დაავადებათა სამკურნალო საშუალებებში შედის.

უფრო ადრინდელ პერიოდში ექიმები ფართოდ იყენებდნენ ოქროწკეპლას კენჭოვანი დაავადებების მკურნალობაში საუცხოო შარდმდენ საშუალებად.

ხალხურ მედიცინაში ისევ გამოიყენება კენჭოვანი დაავადებების, ჭლექის, სისხლიანი შარდვის, წყალმანკის, ხორხის წყლულის და გარეგანი ქსოვილების დაზიანებისას.

კუჭაშლილობის დროს ხმელი ბალახისგან აკეთებენ წყლით გამონაწვლილის 1-2 მწიკვ (1 მწიკვი დაახლოებით 1 წვრილწვერიანი დანის წვერით აღებული ფხვნილის რაოდენობისაა) წვრილად დაჭრილ ბალახს ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ. ამ წესით მიღებული ჩაის თითო სუფრის კოვზს სვამენ ყოველ 1 ან 2 საათში ერთხელ.

ან 4-5 გ ბალახს 1 ლ თეთრ ღვინოზე აყენებენ, იღებენ 20-30 წვეთს თითო ჯერზე დღეში 2-3-ჯერ.

დანაყულ ნედლ ბალახს სურავანდიან წყლულებზე იდებენ. სურავანდის დროს მორყეული კბილებით პირდაპირ ღეჭენ ნედლ ბალახს ან პირის ღრუში ივლებენ ნახარშს.

ხალხურ ვეტერინარიაში ოქროწკეპლა კუჭაშლილობისას და შარდის შეკავების შემთხვევაში გამოიყენება. საამისოდ 2 მუჭა ბალახს 1 ლ წყალში ხარშავენ და ნელი დუღილით ხარშავენ ნახევარი წყლის აორთქლებამდე. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს მცირე დოზებით საქონელს წყალსა და სალაფავში უსხამენ. (ზალესოვა, პეტროვსკი).

ოქროწკეპლა, სამკურნალო, მცენარე

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB