იაპონელები უკრაინაში მოწინავე ტექნოლოგიებს გამოსცდიან

იაპონია, უკრაინა, ტექნოლოგიები

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) 47 იაპონურ კომპანიასთან საგრანტო ხელშეკრულებები გააფორმა, რათა უკრაინელ პარტნიორებთან ერთად ჩაატარონ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და გამოსცადონ ინოვაციური ტექნოლოგიები.

ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.

პროექტი რომელიც იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, უკრაინის მწვანე ინდუსტრიული აღდგენის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, უკრაინაში 47 მოწინავე ტექნოლოგიის გამოცდას, ადაპტაციას ან დანერგვას გეგმავს. 30 000-ზე მეტი ადამიანი ახალ პროფესიულ უნარებს შეიძენს. ეს უკრაინულ საწარმოებს საშუალებას მისცემს მოახდინონ წარმოების მოდერნიზაცია, გააუმჯობესონ ეფექტურობა და გააძლიერონ კონკურენტუნარიანობა.

პროექტი მოიცავს ძირითად სამრეწველო სფეროებს, მათ შორის აგრობიზნესს, კვების ღირებულებათა ჯაჭვებსა და წყლის ინფრასტრუქტურას, ასევე ცირკულარულ ეკონომიკას, ენერგეტიკას, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქტიულობის გაუმჯობესებას.

სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი ინდუსტრიების განვითარებას და ინოვაციური ეკოსისტემების ფორმირებას და ასევე შეიძლება იყოს მოდელი სხვა დონორებისთვის ტექნოლოგიების მოზიდვისა და ერთობლივი საწარმოების წამოწყების საკითხში.

იაპონური მხარე პროექტს განიხილავს, როგორც შესაძლებლობას, ჩართოს მცირე და საშუალო ზომის კომპანიები და სტარტაპები უკრაინის აღდგენაში, ტექნოლოგიების დანერგვისა და კრიზისის შემდგომი აღდგენის გამოცდილების გამოყენებით.

თქვენი რეკლამა