საქართველოდან აგროექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

ვაშლი, ექსპორტი

2025 წლის 1 აგვისტოდან 28 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით თხილისა და სეზონური ხილის მიმართულებით.

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტირებულია 10.9 ათასი ტონა თხილი, რომლის ღირებულებამ 109.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 173.7 ტონით, ხოლო შემოსავალი – 67%-ით (43.9 მლნ აშშ დოლარით). 1 კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი იყო 10.04 $, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 69%-ით აღემატება. თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია – იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი და პოლონეთი, სადაც ჯამურად 7.1 ათასი ტონა თხილი გავიდა.

აგვისტო-დეკემბერში ექსპორტირებულია 9.7 ათასი ტონა ვაშლი, რომლის ღირებულებამ 7.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა გაიზარდა 31%-ით (2.3 ათასი ტონით), ხოლო შემოსავალი – 49%-ით (2.3 მლნ აშშ დოლარით). 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 $ იყო, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება. ვაშლის მთავარი საექსპორტო ქვეყანა კვლავ რუსეთია. გარდა ამისა, ქართული ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, ბელარუსში, სომხეთსა და ერაყში.

2025 წლის 1 სექტემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 5.3 ათასი ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 1 კგ ხურმისა და კარალიოკის საშუალო საექსპორტო ფასი 0.75 $ იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11.1%-ით აღემატება. ხურმისა და კარალიოკის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, თურქეთი, ბელარუსი და მოლდოვა.

ამავე პერიოდში ექსპორტირებული მანდარინის მოცულობამ 25.9 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო შემოსავალმა 15.2 მლნ აშშ დოლარი. 1 კგ მანდარინის საშუალო საექსპორტო ფასი 0.59 $ იყო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ით გაზრდილია. მანდარინის ძირითადი საექსპორტო მიმართულებებია რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, უკრაინა, ყაზახეთი და უზბეკეთი.

მთლიანობაში, 2025 წლის ბოლო თვეებში აგროექსპორტის ზრდა განპირობებულია როგორც ექსპორტის გაზრდილი მოცულობით, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გაუმჯობესებული ფასებით, განსაკუთრებით თხილის სექტორში, რომელიც ქვეყნისთვის ყველაზე მაღალშემოსავლიან საექსპორტო პროდუქტებს შორის რჩება.

თქვენი რეკლამა