გერმანული საკონსულტაციო სააგენტო Oil World-ის ბოლოდროინდელი პროგნოზის თანახმად, 2025/26 წლებში მსოფლიოში მცენარეულ ზეთებზე რეკორდული მოთხოვნა იქნება.
რვა ძირითადი ზეთის გლობალური იმპორტი შესაძლოა 3.1 მილიონი ტონით გაიზარდოს და 94.5 მილიონ ტონას მიაღწიოს.
ბაზრის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი, მსოფლიოში მცენარეული ზეთის მოხმარების მკვეთრი ზრდაა წელიწადში 6.1 მილიონი ტონით. ეს მაჩვენებელი გასული სეზონის ზრდაზე ორჯერ მეტია. მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, ინდონეზია და ბრაზილია, სადაც ბიოდიზელის ინდუსტრიის შიდა მოთხოვნა განსაკუთრებით ძლიერია.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება რთული იქნება. შეზღუდული მიწოდება, სავარაუდოდ, გლობალურ ვაჭრობას სერიოზულ გამოწვევას შეუქმნის. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს გლობალური სოიას ზეთის მარაგების მკვეთრი შემცირება. ექსპერტები მთავარ ფაქტორად აშშ-ის ენერგეტიკულ პოლიტიკას ასახელებენ.
მიწოდების მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი მიმწოდებელ ქვეყნებს შორისაც. ტრადიციული გიგანტების – ინდოეთის, არგენტინის, ბრაზილიისა და აშშ-ს – მცენარეული ზეთის ერთიანი ექსპორტი, სავარაუდოდ, 2.2 მილიონი ტონით შემცირდება.
სააგენტოს ცნობით, ეს გაზრდის გლობალური ბაზრის დამოკიდებულებას ალტერნატიულ წყაროებზე, რაც წინა პლანზე წამოწევს ისეთ ექსპორტიორებს, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, მალაიზია და კანადა.
არასტაბილურობის ცალკე ფაქტორია ინდონეზიის ბიოსაწვავის პოლიტიკა. ექსპერტები აზრით, მთავრობის გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა, შესაძლოა მკვეთრად შეამციროს ექსპორტისთვის ხელმისაწვდომი პალმის ზეთის მოცულობა. შედეგად, გლობალური ბაზარი კიდევ უფრო დიდ დეფიციტს წააწყდება, რაც გაზრდის სოიას ზეთზე, როგორც პირველად შემცვლელზე მოთხოვნას.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ნავთობის ფასები 2025/26 წლების სეზონშიც ზეწოლის ქვეშ დარჩება. ინვესტორებმა და ბაზრის მონაწილეებმა ყურადღებით უნდა აკონტროლონ ბიოსაწვავის პოლიტიკა აშშ-სა და ინდონეზიაში, ასევე ზეთოვანი კულტურების მოსავლიანობა რუსეთსა და უკრაინაში, რომლებიც ამ კრიზისის შემდეგ შეიძლება ახალ მთავარ მოთამაშეებად იქცნენ.
წყარო: ukragroconsult.com

