საქართველო – პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით

შანხაი, საქართველო, ღვინო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში ProWine Shanghai, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართულ ღვინის მასტერკლასი-დეგუსტაცია გაიმართა სახელწოდებით ,,Georgia – Small Country with Big Treasures“  (საქართველო – პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით), რომელსაც ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი (Fongyee Walker) უძღვებოდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ცხრა ქართული კომპანიის ღვინოები.

საერთაშორისო ფორმატის „ProWine” გამოფენები წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებიც ახალ კონტაქტებს ამყარებენ, მათ შორის, იმპორტიორებთან, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს.

„ProWine”-ის მთავარ გამოფენას დუსელდორფი მასპინძლობს; წლის განმავლობაში კი, გამოფენები იმართება ტოკიოში, შანხაიში, მუმბაიში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და სან-პაულოში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო „ProWein“-ის გამოფენებზე გერმანიაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ჩინეთში.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  წარმოდგენილი იყო გამოფენებზე: ,,Fine Wine Hotel Exhibition”, „The China Food & Drinks Fair“, ,,RAW Wine Shanghai”, „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) და „Interwine China 2025“.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 2,45 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

თქვენი რეკლამა