ყაზახეთის აგროსექტორი სპეციალისტების მწვავე დეფიციტს განიცდის

ყაზახეთი, აგრონომები

ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სექტორი მუშახელის სერიოზულ დეფიციტს განიცდის — დაახლოებით 6500 სპეციალისტია საჭირო, რომელთაგან ნახევარზე მეტი მაღალკვალიფიციური უნდა იყოს. იტყობინება inbusiness.kz.

სენატორმა იერნურ აიტკენოვმა ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტარის თქმით, ფერმერთა მხოლოდ 28%-ს აქვს სპეციალიზებული განათლება, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობასა და მდგრადობაზე.

„განსაკუთრებით მწვავე დეფიციტია აგრონომების, ვეტერინარების, ინჟინრებისა და საკვების გადამუშავების სპეციალისტების მიმართულებით. სიტუაციას ამძიმებს სოფლიდან ახალგაზრდების გადინება, დაბალი ხელფასები და შეზღუდული კარიერული შესაძლებლობები“, – აღნიშნა აიტკენოვმა.

მან შესთავაზა პარლამენტს – ერთიანი ციფრული პლატფორმის შექმნა, კურსდამთავრებულთა დასაქმების მონიტორინგისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის სოციალური დახმარების ზომების გაძლიერების მიზნით.

სენატორის თქმით, პროგრამა „დიპლომით – სოფელში“ კვლავ ეფექტური ინსტრუმენტია პერსონალის მხარდაჭერისთვის, მაგრამ გაუმჯობესებას საჭიროებს.

„2024 წელს, მხოლოდ ყოველი მესამე სპეციალისტი სარგებლობდა შეღავათიანი საბინაო სესხით და პროგრამის დაფინანსება თითქმის მესამედით შემცირდა. ამასობაში, საცხოვრებელი და სოციალური მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლად პერსონალის შენარჩუნებაში“, – დასძინა აიტკენოვმა.

დღეს, აღნიშნა მან, ინფრასტრუქტურის არარსებობის, საცხოვრებლის დეფიციტისა და კარიერული პერსპექტივების არარსებობის გამო, სოფლად დარჩენას კვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალებიც კი ერიდებიან.

თქვენი რეკლამა