სოფლებში გავლისას თვალის ერთი შევლებითაც შეუძლებელია ყურადღების გარეშე დარჩეს ხეებზე, ხეხილზე, ციტრუსზე, ვაზსა და ბუჩქოვან მცენარეებზე გავრცელებული ხავსმღიერების სიმრავლე.
მემამულეები ხშირად მოგვმართავენ და გვეკითხებიან, თუ რამდენად მავნე არიან ისინი და როგორ შეიძლება მათგან მცენარის გათავისუფლება.
ხავსმღიერები (ლიქინები) სოკოსგან და წყალმცენარეებისგან შემდგარი ორგანიზმებია. ისინი მთელი ზედაპირით აქტიურად ითვისებენ მცენარისგან წყალსა და მასში გახსნილ ნივთიერებებს, კეტავენ კანის სასუნთქ უჯრედებს და ხელს უშლიან მცენარის შიგა ქსოვილში ჰაერის მიწოდებას, რითაც მცენარეს უსპობენ ნორმალური განვითარების შესაძლებლობას.
გარდა ამისა, მასში იზრდებიან და თავს აფარებენ სხვადასხვა მავნებლები. ხავსმღიერები თანდათანობით იწვევენ მცენარის დაკნინებასა და საბოლოო კვდომას.
აღსანიშნავია, რომ ლიქინები ადვილად იტანენ ხანგრძლივ და ძლიერ გამოშრობას და სათანადო პირობების შექმნისას ისევ ცოცხლდებიან.
რკინის ძაღას სამუშაო ხსნარის დამზადება და გამოყენება
ხავსამღიერებისგან მცენარეთა დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალების _ რკინის ძაღას (რკინის გოგირდმჟავა მარილი) მცენარეთა სამკურნალო ხსნარის დამზადებისთვის საჭიროა ასევე ჩაუმქრალი კირი.
გთავაზობთ სამუშაო ხსნარის დამზადებისა და გამოყენების წესს:
იგი ჩამოგავს ბორდოს ხსნარის (შაბიამანი + კირი) დამზადების ტექნოლოგიას.
რკინის ჭურჭელი ნაკლებად გამოსადეგია. 10 ლ სამუშაო ხსნარის დასამზადებლად საჭიროა 0,2 კგ რკინის ძაღა და ერთი 1 კგ ჩაუმქრალი კირი, ცალ-ცალკე გაიხსნას წყალში. კირის აღნიშნული რაოდენობის ჩასაქრობად საჭიროა 2,5 ლ წყალი, ხოლო რკინის ძაღას ვხსნით 1 ლ წყალში.
საერთო შესარევ ჭურჭელში ჯერ ვასხამთ კირის რძეს, რომელსაც ვუმატებთ რკინის ძაღას ხსნარს და ვავსებთ წყლით 10 ლ-მდე. ეს პროპორციები შენარჩუნებული უნდა იყოს ნებისმიერი რაოდენობის სამუშაო ნაზავის დამზადებისას.
მიღებული სამკურნალო ნარევი გამოყენებული უნდა იქნეს 1 დღის (მაქსიმუმ დღე-ღამის) განმავლობაში. შესასხურებელ აპარატში ჩასხმის დროს ან საერთო ჭურჭლიდან ნაწილის გადმოღებისას, აუცილებელია მისი ენერგიული მორევა, ვინაიდან ძალიან სწრაფად ხდება მასის შრეებად დაშლა.
ხის შტამბსა და მსხვილ ტოტებზე, განსაკუთრებით, თუ დაავადება ძლიერ არის გავრცელებული, უმჯობესია ნარევის წასმა ფუნჯის მეშვეობით. ამ შემთხვევაში კირის რძის გაწურვა სამუშაო ხსნარის დამზადებისას საჭირო არ არის. ხსნარი წარმოადგენს როგორც სამკურნალო, ასევე დამცავ საშუალებას. ე.ი. შეთეთრება აღარ არის საჭირო.
ვარჯის დანარჩენი ნაწილის, ასევე მცირე ზომის ხეებისა და ბუჩქოვანი მცენარეების მკურნალობისთვის, მიზანშეწონილია შემასხურებელი აპარატის გამოყენება.
შესხურება უნდა მოხდეს მცენარეზე ყველა მხრიდან. ძლიერ დაზიანებული ხეები ჯერ მასზე ასვლით უნდა შეიწამლოს ზემოდან, შემდეგ კი ქვემოდან. ბოლოს კი ტანი და მსხვილი ტოტები უნდა დაიფაროს ფუნჯის გამოყენებით.
პრეპარატის ფუნჯით წასმა დასაშვებია წლის ნებისმიერ დროს, შესხურებით ვარჯის მკურნალობა კი მისაღებია გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე. მისი ეფექტურობა მაღალია, თუ გარემოს ტემპერატურა დღეღამის განმავლობაში +5 გრადუსზე დაბლა არ ეცემა.
გირჩევთ, თქვენ ბაღებში არსებულ დაავადებულ მცენარეებს დროულად ჩაუტაროთ მკურნალობა და დაუბრუნოთ სიცოცხლისუნარიანობა, მომავალში კი იგივე გაიმეოროთ ხავსმღიერების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე.
ავტორი: მარინე სუნგულია, gurianews.com.
იხილეთ აგრეთვე: ბორდოული ხსნარის მომზადების და გამოყენების წესი