ჩვენში გავრცელებულია ნივრის შემდეგი დაავადებები და მავნებლები
ნივრის დავადებები
მწვანე ობი – გამომწვევი – PeniciliumLink – ის გვარის სოკოები.
მწვანე ობი ნივრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. დაავადების ძლიერი განვითარება ხდება შენახვის პერიოდში, როდესაც საწყობში მაღალი ტემპერატურა და ტენიანობაა. საკმაოდ ხშირად დაავადება ვრცელდება სხვა დაავადებებით (პერონოსპოროზი, ფუზარიოზული სიდამპლეები და სხვ.). ასევე დაავადების გამომწვევი მცენარეში ხვდება მექანიკური დაზიანებების მეშვეობით.
დაავადების გამომწვევი გვარის სოკოები ფართოდაა გავრცელებული ნიადაგში და ვითარდებიან მცენარეულ ნარჩენებში. დაავადება ვრცელდება კონიდიებით, რომლებიც საწყობში ხვდება ნივრის ბოლქვთან ერთად.
თავდაპირველი სიმპტომები ჩნდება ნივრის ბოლქვის გარეთა ფურცლებზე და ფუძეებზე, რომლებზეც ჩნდება მკრთალი ყვითელი ფერის სველი ლაქები. დროთა განმავლობაში დაზიანებული უბნები იფარება თეთრი ფერის ნადებით, მოგვიანებით ნადები იღებს ობისთვის დამახასიათებელ მწვანე შეფერილობას. შესაძლებელია შეგვხვდეს ისეთი ბოლქვებიც, რომელთაც ნადები ჩამოყალიბებული აქვთ ყუნწზე. დაზიანებული ნივრის შიდა ქსოვილებს აქვთ რუხი შეფერილობა.
დაავადების ძლიერი გავრცელებისას ხდება საწყობში არსებული ნივრის სრულად ლპობა, რასაც თან სდევს უსიამოვნო სუნი. ტენიან პირობებში ხდება ნივრის ლპობა, ხოლო მშრალი კლიმატის პირობებში კი ხდება დაზიანებული ნივრის მუმიფიცირება.
ნივრის ნაცრისფერი სიდამპლე – გამომწვევი – Sclerotinia porri Van beyma Thoe Kingma. პათოგენი ინახება მიცელიუმის სახით დაზიანებულ ბოლქვებში და სკლეროციების სახით ნიადაგში.
კულტურის დაზიანება და დაავადების განვითარება ხდება როგორც ნიადაგის და ჰაერის მაღალი ტენიანობის, ასევე ცივი ამინდების (–13-15ºC) დროს.
დაავადების სიმპტომები – ნივრის შენახვის პერიოდში მის კბილზე ჩნდება მოყვითალო ან მუქი ფერის მცირედ ჩაზნექილი რამდენიმე მილიმეტრის ზომის მქონე ლაქები. მოგვიანებით ლაქები იზრდება, კბილი ჭკნება და ხდება მისი მუმიფიცირება. მაღალი ტენიანობის პირობებში დაზიანებულ ქსოვილებზე ვითარდება ნაცრისფერი ნადები. დაზიანებული კბილების დარგვის შემთხვევაში ვითარდება სუსტი და ქლოროზული მცენარეები. საშემოდგომო ნივრის ხნიერი ფოთლები ლპება და წვება. ბულქვის შიდა ფურცლები მუქდებიან და მათზე ფორმირდება შავი სკლეროციები.
სველი სიდამპლე – ბოლქვს უმთავრესად საწყობში შენახვის დროს აზიანებს. დაავადებული ბოლქვი სველად ლპება. სათესლედ ასეთი დაზიანებული ბოლქვების გადარგვის დროს დაავადება ვრცელდება მიწის ზედა ნაწილებზეც. თუ თავის დროზე არ იქნა ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებები ნათესი შეიძლება მთლიანად განადგურდეს.
თეთრი სიდამპლე – გამომწვევი სოკო Sclerotiumecepivorumberk ამ დაავადებით მცენარე ავადდება ვეგეტაციის ყველა პერიოდში და სასაწყობე პირობებში, თუ ახალგაზრდა მცენარე დაავადდა, ფოჩი მთლიანად უყვითლდება, ფოთლების გაყვითლება იწყება წვეროდან, რომელიც სწრაფად ედება მცენარეს. სოკოს სპორები იზამთრებს ნიადაგში, თუ ბოლქვი დაავადაა იგი მთლიანად იფარება თეთრი ფერის ნაფიფქით.
ანთრაქნოზი – აზიანებს ფოთლებს და წარმოქმნის მუქ მწვანე ან მოშავო შებერილობებს, ბალიშებს. შებერილობები გარშემორტყუმულია ჯაგრისისებრი წარმონაქმნით. დაავადებული ფოთლები ყვითლდება და ცვივა.
ნაცრისფერი სიჯუჯავე – აზიანებს ფოჩს, დაზიანებულ ფოჩზე პირველ რიგში წარმოიქმნება წვრილი ნაცრისფერი ლაქები ამ ლაქებით მთლიანად იფარება ფოჩი.
დავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები: თესლბრუნვის დაცვა, ნიადაგის დეზინფექცია, საწყობის დეზინფექცია, დაუზიანებელი ბოლქვების შენახვა საწყობში, სარეველებისგან ნაკვეთის გასუფთავება და შეგროვილი ანარჩენების დაწვა.ნიადაგის აგროწესებში დამუშავება და პესტიციდების თავის დროზე გამოყენება.
მავნებლები
ნივრის ოთხფეხა ტკიპა – საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ნივრის ოთხფეხა ტკიპა, რომელიც დიდი ინტენსივობით მრავლდება ნივრის შეანახვის დროს და იწვევს მის გაქრობას(გამოფიტვას), ასე რომ მავნებელმა შესაძლოა სარგავი მასალა მთლიანად გაანადგუროს. ამ მავნებელს გადააქვს ვირუსული დაავადება, რაც იწვევს ნივრის სარგავი მასალის კატასრტოფულ შემცირებას და ბაზარზე მის დეფიციტს.
აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსავალია ნივრის სარგავი მასალის წარმოება და დამზადება მაღალმთიან ზონებში, სადაც ეს მავნებელი არ გვხვდება. ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრისათვის აუცილებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება: ოთხწლიანი თესლბრუნვის დაცვა, არ შეიძლება ნივრის დარგვა ხახვის ნაკვეთზე, რადგან ერთი და იგივე მავნებლებით და დაავადებებით ზიანდებიან.
დარგვის წინ აუცილებელია სარგავი მასალის ჩასველება 15-20 წთ. 3%-იან ბენლატის ან ფუნდაზოლის და რომელიმე აკარიციდის (ომაიტი,ენვიდორი,ვერტიმეკი, ნეირონი) ნაზავში, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩასველების მეთოდი იწვევს ნივრის სარგავი მასალის სრულ გაქერცვლას. ამდენად უმჯობესია ამ ნაზავით მისი დატენიანება და დანიჩბვა
მიუხედავად იმისა, რომ ხახვი დანიორი ძლიერი ფიტონციდი მცენარეები არიან, მათაც ჰყავთ მავნებლები. განსაკუთრებით საშიშ მავნებლებს მიეკუთვნება ხახვის ბუზი,თრიფსები და ჭიჭინობელა.
ნივრის მავნებლებისა და დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დავიწყოთ ადრე გაზაფხულზე.
ნივრის თრიფსი – თრიფსი საკმაოდ საშიში მავნებელია. იგი აზიანებს ნიორს.
ამ მავნებლს აქვს გრძელი, წვრილი (0,8- 0,9 მმ) ღია ყვითელი ან ყავისფერი შეფერილობის მატლები.წვენს მცენარის ქსოვილებიდან წოვენ, მცენარეზე ჩხვლეტის ადგილებში წარმოიქმნება მოთეთრო ან ღია მოყვითალო ფერის მოვერცხლისფრო ლაქები. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში, ფოთლები მუქდება და ცვივა.
მდედრი მცენარეულ ნარჩენებში ზამთრობს ნიადაგის ზედა ფენაში, ან ნივრის ბოლქვების კანქვეშ. ადრე გაზაფხულზე მავნებლები საწყობებში მცენარეული ნარჩენებით იკვებებიან.ღია გრუნტში ნივრის აღმოცენებისთანავე, მავნებელი უკვე მათზე გადადის და ინტენსიურად მავნებლობს. თუ დროულად ვერ შევნიშნეთ შეიძლება ნათესი 30-40%-ით განადგურდეს.
ხახვის ბუზი – ამ მავნებლით დაზიანებულ მცენარეს უჭკნება ფოჩი, აზიანებს ქვემოდან. დაზიანებულ მცენარეს თუ ამოვიღებთ ბოლქვიანად ფურცლებს შორის შევნიშნავთ მრავალ მატლს, რომელთა სიგრძე მოზრდილ ასაკში 9-10მმ-მდე აღწევს.ეს მავნებელი მცენარეს აზიანებს, როგორც ფოჩის ფორმირების ფაზაში, ასევე ბოლქვის ფორმირების დროს. ხახვის ბუზი მოყვითალო-მონაცრისფრო ექვსი-შვიდი მილიმეტრი სიგრძის მწერია, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავსო ოთახის ბუზს. მისი მატლი თეთრია, სუსტად გამოხატული თავითა და გლუვი არამახვილი ბოლოთი.
მავნებლისგან დაზიანებული ბოლქვი ლპება, ფოთლები ყვითლდება და ხმება. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში, მცენარეები იღუპებიან. მატლების განვითარება გრძელდება 15-20 დღე. ამის შემდეგ ისინი ნიადაგში გადადიან და ჭუპრობას იწყებენ, ორ–სამ კვირაში ჭუპრებიდან ბუზები გამოდიან და ახალ თაობას იძლევიან. მავნებლის რეგნერაცია ორწლიანია.
ჭიჭინობელა – ჭიჭინობელა არის მავნებელი, რომელიც ნიორს აზიანებს, მისი ბუზი მომწვანო ბრინჯაოსფერია. სიგრძით 5,5 – 9 მმ. მატლები იზამთრებენ ნიადაგში ან ბოლქვებში. ივნისში, მდედრები ბოლქვებთან ახლოს ნიადაგში ან კანქვეშ მცირეჯგუფებად დებენ კვერცხებს. 5-10 დღის შემდეგ კვერცხიდან გამოსული მატლები ბოლქვებში იჭრებიან. მსხვილ ბოლქვებში დიდი რაოდენობის მავნებელი გროვდება და მთლიანად ანადგურებს მათ.
18-20 დღის შემდეგ მატლები ნიადაგში გადადიან, იქ ისინი ჭუპრდებიან და ვითარდებიან. მეორე გამოფრენა ივლისის მეორე ნახევარში იწყება და შემოდგომამდე გრძელდება. მეორე თაოიბის მატლები იზამთრებენ ნიადაგში, ნაწილი კი – ბოლქვებსა და საწყობებში
მავნებლებთან ბრძოლა
თესლბრუნვის დაცვა, ნიადაგის მავნებლების (მომღრღნელი ხვატრების, მავთულა და ცრუმავთულა ჭიების, ღრაჭების და ა. შ.) და ხახვის ბუზის წინაამღდეგ შეგვაქვს რომელიმე გრანულირებული ინსექტიციდი (5 ან 10%-იანი ბაზუდინი, ან დურსბანი) 50 კგ/ჰ რაოდენობით, ხოლო როცა ნიორი სიმაღლეში 10 სმ-ს მიაღწევს, საჭიროა 25%-იანი არივოს 0,16 ლ/ჰ, ან 2,5%-იანი დეცისის 0,15 ლ/ჰ, ან 5%-იანი კარატეს 0,1 ლ/ჰ, ან კონფიდორ მაქსის 0.04-0,05 კგ/ჰა შესხურება.
ოთხფეხა ტკიპას წინააღმდეგ აუცილებელია 30%-იანი ომაიტის 1-1,5 კგ/ჰ, ან ბი-58 ახალი 0.5-0.9 ლ/ჰა, ან ენვიდორის 0,2 ლ/ჰა, ან ვერტიმეკის 0.3-1.2 ლ/ჰა, ან ნეორონის 0.8-1 ლ/ჰა ანდა სხვა რომელიმე აკარაციდის შესხურება.
მოსავლის აღება. ნივრის მოსავლის აღება იწყება როგორც კი ფოჩი გახმება, ცრუ ღერო მორბილდება და ჩაწვება.მოსავლის აღება ხდება ამომყრელი მანქანით, ან ხელით. ბარის რაიონებში ნიორი ჩვეულებრივად ივნისში შემოდის, მთაში—უფრო გვიან. ნიორი აღებული უნდა იქნას მშრალ მზიან ამინდში. იყრება სუფთა ადგილზე სულ მცირე ერთი კვირა, რათა კარგად გაშრეს. ( მზეზე დიდიხნით დაყრა არ შეიძლება, რადგან კბილები შეიძლება გამწვანდეს).
მოსავლის შენახვა
იწვნება გალებად და იკიდება. ეჭრება ცრუ ღერო ბოლქვის ყელიდან 3-5 სმ–ს დაცილებით , იყრება ბადურებში, ან ყუთებში 4–5 ფენად და ინახება გრილ, შესაბამისი ინსექტიციდით და ფუნგიციდით შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით დამუშავებულ სათავსოში.
ნივრის საშუალო მოსავალი ჰა–ზე შეადგენს 6–7 ტონას, კარგ აგროტექნიკურ პირობებში 10–12 ტონის მიღებაც შეიძლება.
გამოყენებული ლიტერატურა:
მებოსტნის ცნობარი, „საბჭოთა საქართველო“ თბილისი 1981წ. გვ.116.
გ.ცაგურიშვილი, გ. ქეშელაშვილი, შ. მთვარელიშვილი, მიწათმოქმედება 1990 წ.
ვაჟა ჯაფარიძე, მებოსტნეობა თბილისი 2016 წ. გვ. 452.
ირაკლი მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი 1998 წელი. გვ.217.
შემდგენელი:
ს/მ დოქტორი ელენე მოთიაშვილი–სიჭინავა;
ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი.

