ბოსტნეული კულტურების დამოკიდებულება გარემო პირობებთან

ბოსტნეული, ბოსტანი, გარემო

მცენარეების ზრდა-განვითარება და მოსავლიანობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია მათ მემკვიდრულ თვისებებზე, ადგილსამყოფელის კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან შეგუებაზე.

ორგანულ ნივთიერებათა სინთეზი გარემო პირობებზეა დამოკიდებული. მას შეუძლია როგორც დამაჩქარებელი, ასევე შემანელებელი გავლენა იქონიოს მცენარის ინდივიდუალურ განვითარებაზე; ასეთი გავლენის მაგალითი შეიძლება იყოს დაბალი ტემპერატურის მოქმედება რიგი ბოსტნეული მცენარეების გადასვლის დროზე ვეგეტატიური ზრდიდან ყვავილობასა და მსხმოიარობაზე.

ბუნებაში ყოველთვის არსებობს ურთიერთმოქმედების რთული კომპლექსი გარემო პირობებსა და მცენარეთა შორის. მცენარის სიცოცხლის ფაქტორები თანაბარმნიშვნელოვანია – არც ერთ მათგანს არ შეუძლია შეცვალოს მეორე. მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორის ინტენსიური მატება სხვა ფაქტორების მიმართ  მცენარის მოთხოვნილების გაზრდას ან შემცირებას იწვევს.

კოსმოსური წარმოშობის ფაქტორების (სითბო, სინათლე) მართვის შესაძლებლობანი განისაზღვრება გეოგრაფიული კოორდინატებით _ ადგილმდებარეობის გრძედით და განედით, ზღვის დონიდან სიმაღლით და ა.შ, მცენარეების ღია გრუნტში გამოზრდისას, ეს ფაქტორები ძლიერ შეზღუდულია და დაყვანილია მხოლოდ ნაკვეთის რელიეფის და გაადგილების ამორჩევამდე.

ბოსტნეულ მცენარეთა ცალკეული სახეობები, წარმოშობისა და მათი შემდგომი ევოლუციის მიხედვით სხვადასხვა მოთხოვნილებებს უყენებენ ტემპერატურულ რეჟიმებს.

ამასთან დაკავშირებით მათ 4 ჯგუფად ყოფენ:

→ ყინვაგამძლე და ზამთარგამძლე მცენარეები _ მარცვლოვნების ნაწილი, მრავალწლიანი ბოსტნეული მცენარეები, აგრეთვე ნიორი;
→ სიცივეგამძლე მცენარეები_კომბოსტოები, ძირხვენები, თავიანი ხახვი, ბარდა, და ცერცვი, მწვანილეული ბოსტნეული.
→ სითბოს მომთხოვნი_ბოსტნეული მცენარეები გოგრისებრთა და ძაღლყურძენისებრთა ოჯახიდან;
→ სიცხეგამძლე მცენარეები_ლობიო, სიმინდი და ბახჩეული.

ყინვაგამძლე და ზამთარგამძლე მცენარეები უძლებენ ზამთრის ყინვებს თოვლის საფარველის ქვეშ, იმის მეშვეობით, რომ ფესვებში და ფესვურებში მოიპოვება საკვებ ნივთიერებათა მარაგი, რომელიც მაღლა სწევს უჯრედის წვენის კონცენტრაციას მოზამთრე კვირტებში.

სიცივეგამძლე მცენარეებს შეუძლიათ გადაიტანონ მცირე წაყინვები აღმოცენების ფაზაში და აგრეთვე ხანმოკლე საშემოდგომო წაყინვები პროდუქციის ხარისხის გაუარესების გარეშე.

სიცივეგამძლე მცენარეებს შეუძლიათ გადაიტანონ მცირე წაყინვები აღმოცენების ფაზაში და აგრეთვე ხანმოკლე საშემოდგომო წაყინვები პროდუქციის ხარისხის გაუარესების გარეშე.

მცენარეები, რომლებიც სითბოს მომთხოვნი არიან, ვერ იტანენ ტემპერატურის ხანგრძლივ დაწევას 100C-მდეც კი.

სიცივეგამძლე მცენარეების (ასიმილაციის დროს) ორგანულ ნივთიერებათა წარმოქმნის მაქსიმუმი, აგრეთვე ნამატი მიმდინარეობს 17-20°C ტემპერატურაზე; უფრო მაღალ ტემპერატურაზე ასიმილაცია კლებულობს. 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე ორგანულ ნივთიერებათა რაოდენობა, რომელიც ასიმილაციის დროს წარმოიქმნება, უთანაბრდება მათ ხარჯვას სუნთქვაზე, ხოლო 40°C-ზე ორგანული ნივთიერების ხარჯვა სუნთქვაზე მეტია.

სითბოს მომთხოვნი მცენარეების ასიმილაციის მაქსიმუმი მოთავსებულია 20 და 30°C-ებს შორის. 40°C ტემპერატურაზე ორგანულ ნივთიერებათა შემოსავალი ასიმილაციიდან ნაკლები ხდება სუნთქვის ხარჯზე.

მცენარეებში ზრდის სიჩქარე და სამარაგო ნივთიერებების დაგროვება დამოკიდებულია არა მარტო ტემპერატურაზე, არამედ განათებაზე, ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობაზე და სხვა პირობებზე (წყლითა და აგრეთვე საკვები ელემენტებით მომარაგებაზე, ამ მცენარეთათვის აუცილებელი თანაფარდობით).

სხვადასხვა მცენარეების ერთი და იმავე სახეობების მოთხოვნილება ნიადაგური კვების პირობების მიმართ არაერთგვაროვანია. მაგალითად, ადრეული ჯიშები მეტად მაღალ მოთხოვნილებას უყენებენ აზოტით უზრუნველყოფას, ვიდრე ამავე კულტურის საგვიანო ჯიშები.

ვეგეტაციის განმავლობაში მცენარეების მოთხოვნილება ნიადაგური კვების პირობებისადმი არ რჩება ერთნაირი. ნიადაგის ნაყოფიერებისადმი განსაკუთრებულად მომთხოვნი არიან ახალგაზრდა მცენარეები. მცენარეთა ზრდა-განვითარებასთან ერთად იზრდება მათ მიერ საკვებ ნივთიერებათა გამოტანა, მაგალითად _ გამოტანა წონის ერთეულზე ახალგაზრდა მცენარეებში 2-3 ჯერ მეტია, ვიდრე ზრდასრულ მცენარეებში.

ნაკვეთის შერჩევა და დამუშავება

ბოსტნეული კულტურების დასათესად უნდა შეირჩეს სარწყავი, სტრუქტურული, ფხვიერი და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი. თუ ასეთი ნიადაგი არ არის, მაშინ საბოსტნე ადგილი ხელოვნურად უნდა გამდიდრდეს ორგანული და მინერალური სასუქით, სიდერატებისა და მრავალწლიანი პარკოსანი ბალახების დათესვით და სხვა.

ნაკვეთი უნდა იყოს ქარებისგან დაცული, სწორი ან მცირე დაქანებით, ადვილად უდგებოდეს სარწყავი წყალი, ნაკლებად იყოს დასარევლიანებული მრავალწლიანი სარეველებით. დაქანების მიმართულების გათვალისწინება, შესაბამისი ჯიშების შერჩევა, მცენარეთა განლაგება (რიგების მიმართულება, ნარგავების სიხშირე) და დაცვა ქარებისგან, ყოველივე ეს მყარი და ხარისხიანი მოსავლის მიღების წინა პირობაა.

ბოსტნეული კულტურები მოითხოვს ნიადაგის გულმოდგინედ დამუშავებას აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში. როგორც წესი, საბოსტნე ნიადაგი წინამორბედი კულტურების ნარჩენებისგან გამოთავისუფლებისთანავე უნდა აიჩეჩოს 4-5 სმ სიღრმეზე, რათა სარეველები გამოვიტყუოთ და 25-30 დღის შემდეგ, წინმხვნელი გუთნით, მზრალად მოიხნას 25-26 სმ სიღრმეზე, ხოლო ღრმა ნიადაგი უფრო მეტ სიღრმეზე. მზრალი დაუფარცხავად რჩება გაზაფხულამდე.

დასაველთ საქართველოს ყველა რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს მთის ზონაში ნიადაგი უნდა მოიხნას ზამთრის დამლევს და ადრე გაზაფხულზე, მინდვრად გასვლის შესაძლებლობისთანავე.

განმეორებითი კულტურებისთვის ნიადაგი უნდა დამუშავდეს წინამორბედი კულტურების მოსავლის აღებისთანავე. თუ ამ დროს ნიადაგი გამოგვალულია, სჯობს ნაკვეთი წინასწარ მოირწყას და როცა ზედაპირი საკმაოდ შეშრება, მოიხნას და დაიფარცხოს.

ილია მჭედლიძე, სმმ დოქტორი /მებოსტნეობა/

თქვენი რეკლამა