“მომავლის ფერმერი” აგრძელებს ახალგაზრდა და მოტივირებული ვეტერინარებისა და აგრონომების საზოგადოებისთვის წარდგენას.
დღეს გვინდა გაგაცნოთ 28 წლის წარმატებული აგრონომი და ფერმერი როსტომ სესიაშვილი. ის ყვარლის რაიონს ემსახურება. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ოცნებობდა ისეთ პროფესიას დაუფლებოდა, რომლითაც საკუთარ სოფელსა და რაიონში მნიშვნელოვან ფუნქციას იტვირთებდა.
მისი ოჯახი ფერმერული საქმიანობით იყო დაკავებული, შესაბამისად, გაიზარდა ისეთ გარემოში, სადაც ხშირად საუბრობდნენ საქართველოს აგრარული ქვეყნის პოტენციაზე, თუმცა თვლიდა, რომ პერსპექტივა ცოდნისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე არ გვექნებოდა. მან საკუთარი როლი სწორედ აქ დაინახა და აირჩია პროფესია – აგრონომი.
სტუდენტობისას საკუთარ სოფელში (გავაზი) მცირე უფასო კონსულტაციებს გასცემდა, ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე კი ჩაერთო აქტიურ პრაქტიკულ საქმიანობაში. პარალელურად სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში.
დღეს ის ემსახურება როგორც მსხვილ აგროკომპანიებს, ისე მცირე ფერმერებს. ჩართულია სხვადასხვა აგრო პროექტებში.
ყვარელში აგროტურიზმის განვითარებაზე მოკრძალებული წვლილი მასაც მიუძღვის. როსტომი გაეცნო ამერიკის, ჩინეთისა და ევროპის ქვეყნების აგრომიღწევებს და ტექნოლოგიებს, რომელთა დანერგვასაც ყოველდღიურ საქმიანობაში ცდილობს.
მისი მიზანია, ყვარელში მეტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იწარმოებოდეს და მისი ძალისხმევაც აქეთაა მიმართული. როსტომი საკუთარ რაიონში წარმატებულ და შემოსავლიან კადრად ითვლება. თუმცა, ფიქრობს, რომ პროფესია აგრონომის პოპულარიზაციაზე მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან ქვეყანას დღეს სწორედ აქ უჭირს.
აირჩიე პროფესია აგრონომი და არგე შენს ქვეყანას.