თელავში ურბანული განახლების პროექტი მიმდინარეობს

თელავი, ურბანული, პროექტი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამას“ ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ურბანული ინფრასტრუქტურის განახლებას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.

პროგრამის ფარგლებში დასკვნით ეტაპზეა გზებისა და საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ძმები პაპუაშვილებისა და ბალარჯიშვილის ქუჩებზე. აქტიურად მიმდინარეობს სოლომონ ლეონიძის, გვირაბისა და ვაჩნაძის ქუჩების აღდგენა. ტერიტორიაზე მოწესრიგდა საჰაერო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდა ღობეები და შეიცვალა გარე განათების ბოძები. რეაბილიტაციის შედეგად, ქუჩებს დაუბრუნდება ქალაქ თელავისათვის დამახასიათებელი ისტორიული იერსახე.

თელავი, ურბანული, პროექტი

ასევე, თელავში მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერის განახლება და თანამედროვე, პიაცის ტიპის დასასვენებელი სივრცის მოწყობა. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია ძირითადი სამუშაოები – მოეწყო შადრევნისა და სარწყავი სისტემების ინფრასტრუქტურა, სავაჭრო და კვების ობიექტებისთვის სივრცეები. ამასთან, გრძელდება ქორწინების სახლის მშენებლობა და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

თელავი, ურბანული, პროექტი

გარდა აღნიშნული პროექტებისა, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აბანოს ქუჩისა და ე.წ. „ძველი აბანოს“ რეაბილიტაცია და რესტავრაცია, რისთვისაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

თელავი, ურბანული, პროექტი

თქვენი რეკლამა