ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობის გახსნის ცერემონია გაიმართა.
სანერგე მეურნეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, კერძოდ, მისი სტრუქტურული ერთეულის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში შემავალი სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს”, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) და ასოციაცია „აგორას” ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობით მოეწყო.
საქართველოს ენდემური სახეობისა და „წითელი ნუსხით” დაცული მცენარის – კოლხური ბზის მავნებელ-დაავადებებისაგან გადარჩენის ეროვნული მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღიჭურვა 500 მ2 სათბური და დაირგო 30 000 კოლხური ბზის ნერგი.
რუხის სასათბურე მეურნეობა კავკასიაში პირველი საბაზისო სანერგეა, რომელშიც ბზის კონსერვაციის მიზნით წელიწადში 50 000 ნერგი დაკალმდება. ნერგების ნაწილი უფასოდ გადაეცემათ სკოლებს, გამგეობებსა და ეპარქიებს.
საბაზისო სანერგე ხელს შეუწყობს უფრო მცირე სანერგეების განვითარებას რეგიონში და მთელ საქართველოში, რაც აუცილებელი პირობაა ბზის გადასარჩენად. დაგეგმილია ნერგების ნაწილის აფხაზური მხარისათვის გადაცემა.
ღონისძიებებას პროექტში ჩართული მხარეების, სამთავრობო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.