სომხეთში სახელმწიფო სუბსიდიებით და ქვეყნის ერთ-ერთი ბანკის დაფინანსებით აშენებული, 9 მილიონი ევროს ღირებულების, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სასათბურე კომპლექსი გაიხსნა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფრანგული ტექნიკით აღჭურვილი კომპლექსი აშენდა ევროპული სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია მიკროკლიმატის კონტროლის ავტომატური სისტემებით.
გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის სათბურების საექსპლუატაციო ფართობი 5 ჰექტარია, სამომავლოდ კი მისი 18 ჰექტრამდე გაფართოება იგეგმება, რაც მწარმოებელს 5 ათას ტონაზე მეტი პროდუქციის მოყვანის და ექსპორტის საშუალებას მისცემს.
ამჟამად კომპლექსში 177 ათასი წიწაკის ნერგია გაშენებული, პირველ მოსავალს 2025 წლის თებერვალში ელოდებიან. მოსავალი მიეწოდება როგორც შიდა ბაზარს, ასევე გავა ექსპორტზე რუსეთში, სამომავლოდ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ევროპის ქვეყნებში.
ამჟამად კომპლექსში 60-მდე ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ კი სამუშაო ადგილების 250-მდე გაზრდა იგეგმება.
გახსნის ცერემონიას სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და მისი მოადგილე არმან ხოჯოიანი დაესწრნენ. გევორგ პაპოიანი თქმით, მსგავსი პროექტები არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების სტიმულირებას ახდენს, არამედ ხელს უწყობს სოფლის თემების ეკონომიკურ სტაბილურობას. მთავრობა ამ სექტორში სახელმწიფო მხარდაჭერის გაფართოებას გეგმავს.
იხილეთ აგრეთვე: ზოგადი ინფორმაცია მათთვის ვინც სათბურის აწყობას გეგმავს