სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ შვრიის ახალი ჯიში „არგო“ დაარეგისტრირა.
აღნიშნული ჯიში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა გამოიყვანეს.
„არგო“ კულტურული შვრიის სახეობას (Avena sativa L.) წარმოადგენს, რომელიც სწრაფმზარდია და უხვი ამონაყარით ხასიათდება.
საგაზაფხულო ნათესის სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 85-97 დღეს შეადგენს და როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე შეიძლება დაითესოს.
აღნიშნული ჯიში რეკომენდებულია, როგორც საფურაჟე, ისე სასურსათო მიმართულებით.
ახალმა ჯიშმა წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა.
სოფლის მუერნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურში, შვრიის ჯიშის „არგო“ სათესლე მასალის მისაღებად მუშაობენ.