საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით მიღწეული პროგრესისა და შემდგომი მხარდამჭერი ღონისძიებების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოსა და შვედეთის მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შვედეთის მთავრობა საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერას განაგრძობს და ამ მიმართულებით ახალი პროექტის დაწყებას მიმდინარე წელს გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ სტუმრები სამუშაო ვიზიტით ქ. რუსთავშიც იმყოფებოდნენ, სადაც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მოქმედ ავტომატურ სადგურთან ერთად, ახალი სადგურის განთავსების ადგილი და სამრეწველო ზონა მოინახულეს.
მნიშვნელოვანია, რომ შვედეთის მთავრობა, შვედეთის საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (SIDA) ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლიდან უწყვეტ და აქტიურ დახმარებას უწევს.
მრავალწლიანი მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებულმა ღონისძიებებმა მოიცვა ჰაერის ხარისხის მართვის ყველა კომპონენტი: ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და შეფასება, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა, ჰაერის ხარისხის მოდელირება, მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმა, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და ა.შ.
შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.