მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი ჩატარდა, ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია ყველის 45-მა მწარმოებელმა წარმოადგინა.
ყველის ტრადიციულ სახეობებთან ერთად, ფესტივალის სტუმრები ახალ, ინოვაციურ პროდუქციასაც გაეცნენ.
ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარის, ქართული ყველის ისტორიის მკვლევარის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება, მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქცია გააცნონ მომხმარებელს; ეს არის გარკვეული წარმატება, როდესაც სექტორს აქვს საკუთარი ფესტივალი და უამრავი მომხმარებელი ელოდება მას წლიდან წლამდე.
ფესტივალის სტუმრებს საქართველოში წარმოებული ყველის არაერთი სახეობის, მათ შორის: დამბალხაჭოს, ჩეჩილის, ტენილის, სულგუნის, თაფლსა და ღვინოში დავარგებული ყველის, შებოლილი სულგუნისა და თხის ყველის ნაირსახეობების დეგუსტაციისა და ყიდვის საშუალება ჰქონდათ.
ყველის ფესტივალი ქართული ყველის მწარმოებელთა გილდიის ორგანიზებით ჩატარდა, ღონისძიების მხარდამჭერი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.