საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა იწყება.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და ფრანგულ-სლოვენიურ კონსორციუმ „სადე-რიკოს“ (Sade Riko) შორის დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე, გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და „სადე ჯორჯიას“ დირექტორი ენტონი მოჟე.
„ეს არის ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. 2023 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, არსებულ, ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს, 8 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ჩაანაცვლებს. ამ პროექტების განხორციელებით გაუმჯობესდება რეგიონების საცხოვრებელი პირობები. ნარჩენების მართვის კოდექსის და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ნარჩენების მართვის სისტემა იქნება ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“ – განაცხადა მაია ცქიტიშილმა.
ლევან დავითაშვილი – „ეს იქნება პირველი თანამედროვე სანიტარული ნორმების შესაბამისი ნაგავსაყრელი, რომელმაც გაიარა გარემოზე ზემოქმედების შეფასება გარემოზე ზემოქმედების კოდექსის შესაბამისად და ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად“.
რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისთან ახლოს მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.
მშენებლობაზე, სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება. ობიექტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.