სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩხეიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნენ. ვიზიტის ორგანიზატორი იყო „საფრანგეთის განვითარების სააგენტო“, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.
მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრები გამართა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტყის სამინისტროში, სადაც სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოებით ეკონომიკური ღირებულების შექმნის და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
შეხვედრებზე ფრანგულმა მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს და ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები ქალაქ ბორდოში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და ტყის სამინისტროს რეგიონულ სააგენტოშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიწის მესაკუთრეობის, სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირების, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის და ფერმერებისთვის ბიზნესკონსულტაციების მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ სამუშაო შეხვედრები გამართა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელებთან, საფრანგეთში არსებული პროფესიული ორგანიზაციების და ასოციაციების წარმომადგენლებთან, საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს, მიწის მოწყობისა და სასოფლო დაწესებულებების სააგენტოს ხელმძღვანელებთან.
შეხვედრებზე, საფრანგეთის გამოცდილების გათვალისწინებით, ფერმერთა ტრენინგების, ექსტენციის, მიწათსარგებლობის, სარწყავი სისტემით სარგებლობის, ასევე სერვისების განვითარების საკითხები განიხილეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ.