გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს მიერ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფერმერებისთვის აშენებული ღორის ფერმები და ლორის შესაბოლი შენობა-ნაგებობები სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მოინახულა.
შესრულებული სამუშაოების პრეზენტაციას FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში, მამუკა მესხი და დონორი ორგანიზაციის – ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
FAO-მ სოფლის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, რაჭაში სულ 60 ბენეფიციარი დააფინსა. ლორის შესაბოლი და მეღორეობისთვის განკუთვნილი თანამედროვე შენობა-ნაგებობების გარდა, ფერმერებს სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ინვენტარი და ხელსაწყოები გადაეცათ.
დაფინანსებულებს შორის მოხვდნენ მეღვინეები, სოკოს მწარმოებლები, მეფუტკრეები და დურგლები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ინვერტარს ამზადებენ.
ფერმების მონახულების შემდეგ, სტუმრები ამბროლაურში პროექტის ბენეფიციარების მიერ მოწყობილ აგრო-პროდუქტების გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრნენ.
იქვე გაიმართა პროექტის ბენეფიციარების შესახებ გადაღებული ჩვენებაც, რომელშიც რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდები სოფელში ცხოვრების სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.
FAO-ს მიერ რაჭაში განხორციელებული საპილოტე პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ და პირდაპირი ფინანსური დახმარების გარდა, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის განვითარების პროგრამას, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
იხილეთ ვიდეო პროექტის ბენეფიციარების შესახებ