
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უკვე მეორე წელია, რაც მელიორაციის სექტორს არეგულირებს. რა შეიცვალა ფერმერებისთვის რეგულირების დაწყებიდან დღემდე, რა სიახლეები ამოქმედდა და რა გამოწვევები არსებობს სექტორში, აღნიშნულ საკითხებზე სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი საუბრობს.
რამ განაპირობა მელიორაციის სექტორის რეგულირება სემეკის მიერ?
- მოგეხსენებათ მელიორაციის სექტორის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწის მორწყვისა და ამოშრობის მიზნით წყლის მართვის პროცესი. საირიგაციო წყლის მომარაგებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა ერთი მხრივ წყლის შეზღუდული რესურსი გონივრულად და რაციონალურად მოიხმარონ, ხოლო მეორე მხრივ ათასობით ფერმერს საირიგაციო სისტემასთან არადისკრიმინაციული დაშვებით საშუალება ჰქონდეს საჭიროებისამებრ ხელი მიუწვდებოდეთ მასზე. გავლილი პრაქტიკის შესწავლით აშკარაა რომ ადგილი ქონდა წყლის არარაციონალურ და არა მიზნობრივ მოხმარებას. სამწუხაროდ, წყლის მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვა მწვავე პრობლემად რჩება. და მაინც, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ფერმერებისთვის სარწყავი სისტემის გამართული მუშაობა დღეის მდგომარეობით კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. გვალვის პირობებში, საირიგაციო წყალი ფერმერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა შეინარჩუნონ და მოსავლიანი გახადონ თავიანთი კულტურები. საირიგაციო წყალზე ხელმისაწვდომობა, პირდაპირპროპორციულად აისახება მიღებული მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე, რაც სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელ და საციცოცხლოდ კრიტიკულ პირობას წარმოადგენს.
საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, 2023 წლის გაზაფხულიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეგულირებას დაექვემდებარა მეოთხე, მელიორაციის-ირიგაციის სექტორი. აღნიშნულის საფუძველზე, სემეკმა 2023 წლის 29 აგვისტოს დაამტკიცა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, რომელიც აწესრიგებს მელიორაციის კომპანიასა და საირიგაციო წყლით მოსარგებლებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის საირიგაციო წყლის მიწოდების, საფასურის დარიცხვისა და ამოღების ნაწილში. წესები წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს და მასთან (ამ წესებთან) შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება დაუშვებელია. აღნიშნული წესები სრულად ამოქმედდა 2024 წლის 1 იანვრიდან.
როგორი იყო 2024 წელი მელიორაციის სექტორის რეგულირების თვალსაზრისით?
- აღსანიშნავია, რომ სემეკის მიერ რეგულირების პირველმა საირიგაციო წელმა კრიტიკული შეფერხებების გარეშე ჩაიარა, რადგანაც როგორც სემეკის, ისე მელიორაციის კომპანიის მხრიდან პროცესები განსაკუთრებული კონტროლის ქვეში იყო და საჭიროების შემტხვევაში ხდებოდა სათანადო რეაგირება. აქვე უნდა აღინიშნოს იმ სიახლეების შესახებ, რაც წესებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე 2024 წლის განმავლობაში დაინერგა. 2024 წლის თებერვალში მელიორაციის კომპანიის მიერ პირველად გამოქვეყნდა წყლის მიწოდების რეჟიმები – სადაც მოცემული იყო 2024 წლის პერიოდზე საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის განაწილების შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, დადგინდა დეფიციტის პირობებში წყლის განაწილების რეჟიმები და გამოქვეყნდა დეფიციტური არეალები. საირიგაციო სისტემაზე განისაზღვრა მიწოდების წერტილები – რომელიც წარმოადგენს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის ზღვარს.
- ამავე წელს, პირველად დადგინდა რწყვის ნორმები, და რწყვის ჯერადობა კულტურების მიხედვით, ასევე განისაზღვრა ტბორების ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში წყლის მოხმარების ნორმები. აღნიშნულმა შესაძლებელი გახადა წყლის რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა და დადგინდა, რომ წყლის მოხმარება დასაშვებია, მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ პერიოდში, შეთანხმებული მოცულობით.
- უნდა აღინიშნოს მელიორაციის კომპანიის როლი აღნიშნული სიახლეების დანერგვის პროცესში. წესებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მელიორაციის კომპანიამ მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა და კვლავ მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები, მომსახურების პირობების გასაუმჯობესებლად.
რატომ უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება 2025 წლის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტს?
- 2025 წლის საირიგაციო წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტი უკვე გამოქვეყნებულია სამსჯელოდ და მის დამტკიცებამდე გაიმართება საჯარო განხილვები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაინტერესებულმა პირმა მიიღოს მასში მონაწილეობა, რადგანაც ამ რეჟიმის შესაბამისად განისაზღვრება მთელი წლის განმავლობაში სად და როდის, რა რაოდენობის წყალი მიეწოდება ფერმერებს. აღნიშნული რეჟიმების დამტკიცების შემდეგ, თითოეულ დაინტერესებულ პირთან ინდივიდუალურად გაფორმდება წყალსარგებლობის განრიგი, რის შესაბამისად 2025 წლის საირიგაციო სეზონის განმავლობაში ფერმერი მიიღებს წყალს.
რა სიახლეები იქნება ხელმისაწვდომი ფერმერებისთვის?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, მელიორაციის კომპანიაში ამჟამადაც მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები მომსახურების პირობების გასაუმჯობესებლად. კერძოდ, ხდება ბილინგის ბაზის განახლება, წყალმომარაგების შესახებ ინდივიდუალური მოკლე ტექსტური შეტყობინების სისტემის დანერგვა. ასევე მიმდინარეობს ყველა იმ მომსახურების დანერგვა, რაც მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის სექტორებში, მათ შორის იუსტიციის სახლებში, სამივე სექტორის განაცხადების ერთ სივრცეში ჩაბარების მომსახურების სახით. ასევე, *303#-ის მომსახურების დანერგვა, რაც გულისხმობს წყალმომარაგების პრობლემის, დარიცხვის გადამოწმების მომსახურების და წყალმომარაგებაში სხვადასხვა პრობლემების დაფიქსირების შესაძლებლობას, ოპერატიული რეაგირებისთვის და რაც რეალურ დროში კონტროლდება სემეკის მიერ.
სემეკის მოწოდება ფერმერებისთვის ასეთია: „ფერმერების ხმა მნიშვნელოვანია! საჯარო მოსმენებში მონაწილეობა და თქვენი საჭიროებების გამოხატვა მელიორაციის კომპანიას და სემეკს საშუალებას მისცემს, შექმნან უფრო ეფექტური და სამართლიანი სისტემა. ვერავინ ვერ დაიცავს თქვენს უფლებებს თქვენზე უკეთ, ამით, გარდა იმისა რომ თქვენ პრობლემებსა და საჭიროებებს გააჟღერებთ, ასევე მიიღებთ, წერილობით ინფორმაციას ამ საკითხებზე კომპეტენტური ორგანოებიდან, რაზედაც უკეთ შეძლებთ ორიენტირებას და თქვენი უფლებების დაცვას. ამ ეტაპზე თქვენი აქტიურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია 2025 წლის საირიგაციო წყლის მიწოდების რეჟიმის დასამტკიცებლად მოწყობილ განხილვაზე, რომლის მიზანია წყლის რესურსის საჯაროდ და გამჭვირვალედ განაწილების უზრუნველყოფა. რადგანაც ამ აქტის მიხედვით განაწილდება საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის რესურსი და გაქვთ შესაძლებლობა მოითხოვოთ თქვენი ინტერესების გათვალისწინება, ხოლო თქვენთვის მიუღებელი ან დაუსაბუთებელი პასუხის მირების შემთხვევაში, ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა მიმართოთ სემეკს განცხადებით საკითხის განსახილველად, როგორც იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით, ისე უშუალოდ.”