აზერბაიჯანში „კულინარიის საერთაშორისო ფესტივალში“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა, საქართველოში მოქმედ კომპანიებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალში 25 ქვეყანა მონაწილეობდა, რომლებმაც საკუთარი სტენდი წარმოადგინეს, მათ შორის იყო ქართული სტენდიც.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული მურაბებით და მშრალი ხილით იყო წარმოდგენილი.
ფესტივალზე გამოფენილ პროდუქციას 15 კაციანი საერთაშორისო ჟიური აფასებდა.
მთავარი ჯილდო – ოქროს გრანპრი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დამზადებულმა ალუბლის მურაბამ მოიპოვა.
ჟიურის მოწონება მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის მიერ დამზადებულმა მოცვის და კაკლის მურაბებმაც დაიმსახურა.
„კულინარიის საერთაშორისო ფესტივალი“ აზერბაიჯანის ეროვნული კულინარიული ასოციაციის მხარდაჭერით აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.