ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ რეისვეიკში (Rijswijk) გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე ,,WineWeekend’’ სპეციალური სტენდი ,,Taste of Georgia’’ მოეწყო, სადაც ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი.
,,WineWeekend’’ ნიდერლანდებში ითვლება ყველაზე მასშტაბურ ღვინის დეგუსტაციად, სადაც მიმდინარე წელს 50-მდე კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი პრეზენტაცია-სემინარი – ,,ქარვისფერი ღვინოები საქართველოდან’’, რომელსაც ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Saperavi Wine Agency“-ის დირექტორი ბერნარდ ნაუტა უძღვებოდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სემინარზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის 12 სახეობის ღვინო: „კონჭო და კომპანი“, „თბილღვინო“, „ფაფარი ველი“, „ბაგრატიონი 1882“, „ბექა გოცაძის მარანი“ და „თელავის ღვინის მარანი“.
ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნიდერლანდების ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია.
ჰოლანდიელი პროფესიონალები დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინოებით, რის საფუძველზეც, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency“, რომელიც ნიდერლანდებში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.