ფერმერის გზამკვლევი: როგორ მივიღოთ საირიგაციო წყალი წესების დაცვით

ფერმერის, გზამკვლევი, ირიგაცია

          საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი სტატიაში საუბრობს საიგიგაციო წყლის მიღების პროცესში არსებული რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე:

          „ეს სტატია განკუთვნილია ფერმერებისთვის, რომლებსაც სურთ უკეთ გაიგონ, როგორ ხდება საირიგაციო წყლის მიწოდება და რა ნაბიჯებია საჭირო იმისათვის, რომ წყალი მიიღონ დროულად, დადგენილი წესებითა და მოცულობით. დღეს წყლის მიღება მხოლოდ არხიდან აღებას აღარ ნიშნავს — ეს პროცესი საჭიროებს წინასწარ შეთანხმებას მელიორაციის კომპანიასთან, დადგენილი წესების დაცვას და სწორი მოლოდინის ჩამოყალიბებას, რაც იცავს ფერმერის მოსავალს და ზრდის მის შესაძლებლობებს.

          უპირველეს ყოვლისა, ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ ის მიეკუთვნება ე.წ. პროფილურ მომხმარებლებს — ანუ მათ, ვინც წყალს იყენებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის: მაგალითად, ბოსტნეულის, ხილის ან მარცვლეულის მოსარწყავად. ასეთი მომხმარებლები სარგებლობენ უპირატესობით, თუ მელიორაციის კომპანიასთან წყალსარგებლობის შეთანხმებას გააფორმებენ 1-ელი თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე. ამავე პერიოდში, კიდევ უფრო დიდი უპირატესობით სარგებლობენ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები, თუ შეთანხმებას 1-ელ მარტამდე გააფორმებენ. სწორედ ეს ვადები განსაზღვრავს, ვინ იქნება საირიგაციო წყლის პრიორიტეტული მომხმარებელი.

          თუ შეთანხმება აღნიშნულ ვადებში არ გაფორმდა, 1-ლი აპრილის შემდეგ ყველა მომხმარებელი — იქნება ის ფერმერი, ტბორი თუ ტექნიკური დანიშნულების მომხმარებელი — თანაბარ პირობებში აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში, წყლის განაწილება ხდება რიგითობის მიხედვით — იმ პირის სასარგებლოდ, ვინც დაუკონტრაქტებელ წყალს პირველად მოითხოვს.

          ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ წყალსარგებლობის შეთანხმება ვერ გაფორმდება იმ შემთხვევაში, თუ საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდება არ არის გათვალისწინებული მიწოდების რეჟიმში. მიწოდების რეჟიმი წარმოადგენს წლიურ გეგმას, რომელსაც საქართველოს მელიორაცია ამტკიცებს და რომელიც ადგენს, სად, როდის და რა მოცულობით მიეწოდება წყალი კონკრეტულ სისტემებს. მისი პროექტი ვებგვერდზე ქვეყნდება წინასწარ — ყოველი წლის პირველ ნოემბრამდე — ხოლო განხილვისა და შენიშვნების მიღების შემდეგ, მტკიცდება 1-ელ თებერვლამდე. ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია ამ განხილვაში მონაწილეობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ სჭირდებათ წყალი არატრადიციული კულტურის მოსარწყავად ან/და განსხვავებული სარწყავი რეჟიმით.

          გარდა ზემოთ მოცემული წყალსარგებლობის შეთანხმების პირობებისა, ფერმერებმა უნდა იცოდნენ წყალმომარაგების ორი დამატებითი წესის შესახებ:

          პირველი ეხება დეფიციტის რეჟიმს. თუ შეთანხმებულ პერიოდში წყალი არ მიეწოდებათ, ფერმერებმა პირველ რიგში უნდა მიმართონ მელიორაციის კომპანიას რეაგირებისთვის. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, წერილობით უნდა მოითხოვონ დეფიციტის რეჟიმის გამოცხადება. ამ რეჟიმის პირობებში, პრიორიტეტულად წყალი მიეწოდება მხოლოდ პროფილურ მომხმარებლებს. მხოლოდ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, შეიძლება წყალი მიეწოდოს სხვა კატეგორიის მომხმარებელს.

          მეორე ეხება საირიგაციო სისტემის გაჩერების რეჟიმს, რომელიც მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. ეს არის წინასწარ განსაზღვრული პერიოდი, როცა მელიორაციის კომპანია ატარებს აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს — არხების გაწმენდას, სატუმბებისა და სალექარების მოვლას. სწორედ ამ დროს სრულდება მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელი ოპერაციები. ეს რეჟიმი ფერმერისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მისი წარმატებული შესრულება განაპირობებს საირიგაციო პერიოდში, საირიგაციო სისტემის გამართულად ფუნქციონირება და შესაბამისი ხარისხის წყლის მიწოდება, მხოლოდ ამ სამუშაოების სრულფასოვანი შესრულების შედეგად არის შესაძლებელი წვეთოვანი, მისხურების ან სხვა ტიპის სარწყავი სისტემების გამართულ ფუნქციონირება. მელიორაციის კომპანია ვალდებულია, სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე გამოაქვეყნოს, ასახოს მიწოდების რეჟიმში და ფერმერებს SMS შეტყობინებით გააფრთხილოს მინიმუმ ორი დღით ადრე.

          ორივე რეჟიმის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ფერმერების ჩართულობა. სწორედ ეს  რეჟიმები უზრუნველყოფენ პროფილური მომხმარებლების უპირატესობით სარგებლობას.

          რომ შევაჯამოთ ზემოთ მოცემული, ახალი რეგულაცია ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპს: საირიგაციო წყლით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ პერიოდში, შეთანხმებული მოცულობით. ყველა სხვა შემთხვევა განიხილება როგორც უკანონო მოხმარება და გამოიწვევს როგორც დაჯარიმებას, ასევე მოხმარებული წყლის საფასურის განცალკევებით დარიცხვას-ანაზღაურებას.

          დამატებით, სასიამოვნო სიახლეს ასევე წარმოადგენს ის, რომ დღეს უკვე შესაძლებელია მელიორაციის კომპანიაზე განაცხადით მიმართვა იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით. ამით ფერმერები მარტივად შეძლებენ აბონენტად დარეგისტრირებას, წყალსარგებლობის პრობლემის დაფიქსირებას ან სხვა მოთხოვნის წარდგენას, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იმავე სივრცეში მიმართონ სემეკს — მარეგულირებელ კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის ობიექტურ შესწავლასა და სათანადო რეაგირებას.

          დროულად გადადგმული ნაბიჯები, მელიორაციის კომპანიასთან შეთანხმებული მოხმარება და ინფორმირებულობა ფერმერს აძლევს საშუალებას, საიმედოდ დაგეგმოს მორწყვა და თავიდან აიცილოს წყლის დეფიციტის რისკი ყველაზე საჭირო დროს“.

თქვენი რეკლამა