მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების ლაბორატორია გაიხსნა

სერტიფიცირება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის ლაბორატორია გახსნა.

ლაბორატორია თანამედროვე აპრატურით არის აღჭურვილი და მასში სასოფლო-სამეურნეო მარცვლეულ კულტურათა და სათესლე მასალის თესვითი ხარისხობრივი მაჩვენებლები განისაზღვრება.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის განვითარების სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) ლაბორატორიის გახსნაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია და თანამედროვე გენეტიკური ბანკი, სადაც ჩატარდება ქართული გენეტიკური რესურსების კვლევა, სელექცია და კონსერვაცია, რაც მნიშვნელოვანი პროცესია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლაბორატორიაში, თესლის ტესტირების საერთაშორისო ასოციაციის (ISTA) მოთხოვნების და ნორმების შესაბამისად, ტარდება შემდეგი სახის ანალიზები: ნიმუშის აღება, ანალიზური სიწმინდის განსაზღვრა, აღმოცენების ენერგიის განსაზღვრა, აღმოცენების უნარის დადგენა, ტენიანობის განსაზღვრა, 1000 მარცვლის წონის დადგენა, მავნებლების და დაავადებების განსაზღვრა, სიმინდის და კარტოფილის კულტურის ფიტოპათოლოგიური ექსპერტიზა, სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრის ტესტი.

აღსანიშნავია, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ავსტრიის განვითარების კოოპერაციის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის ლაბორატორიას ავსტრიული წარმოების მარცვლეულის ამღები სელექციური კომბაინი და სათესი საჩუქრად გადასცა. აღნიშნული ტექნიკა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, მცირე დანაყოფებზე აიღონ მოსავალი, დაიცვან ჯიშური სიწმინდე, რაც გააადვილებს სელექციურ მუშაობას და ჯიშების სელექცია გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისთვის ტექნიკის გამოყენებისა და ექსპლუატაციისთვის შესაბამისი სწავლებები ჩატარდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობაში ევროპული სტანდარტი ინერგება. მოხარულები ვართ, რომ საქართველო, ამ მიმართულებას ირჩევს. ძალიან შთამბეჭდავია ის, რაც გაკეთდა ლაბორატორიაში. ჩვენი პარტნიორობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) იყო ძალიან დადებითი და შედეგიანი“, – განაცხადა ავსტრიის განვითრების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გერხარდ შაუნბერგერმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს პროექტს „მარცვლეული კულტურების თესლის სერტიფიცირება“, რომლის ფარგლებშიც, 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება მარცვლეული კულტურების სერტიფიცირების პროცედურები, რაც ფერმერებს გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალით და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიით უზრუნველყოფს. ამავე დროს, სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს.

დაინტერესებული ფერმერები ლაბორატორიაში გაკეთებული ნებაყოფლობითი განაცხადის საფუძველზე შეძლებენ მათ მიერ წარმოებული თესლის ხარისხის შემოწმებას. პირველ ეტაპზე ლაბორატორიის თანამშრომლები მოახდენენ ფერმერთა კუთვნილი მინდვრების საველე ინსპექტირებასა და თესლის ნიმუშების აღებას, რის შემდეგაც თესლი ლაბორატორიულად შემოწმდება ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. ლაბორატორიული კვლევის შემდეგ კი გაიცემა ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

თქვენი რეკლამა