მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. რეფორმის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებისა და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას თავად ახორციელებს.
მიწის რეფორმის ამოქმედებიდან გამარტივებული პროცედურებით უკვე 594 ათასზე მეტი განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა. საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში საჯარო რეესტრიდან ამ ეტაპზე, 26 ათასზე მეტი განცხადებაა გაგზავნილი, ხოლო 63 ათასზე მეტ განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლებისდამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს.
ასევე სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1443 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა. (მუდმივად განახლებადი მონაცემები განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე https://napr.gov.ge/chart
რეფორმის მიმდინარეობისას მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი შემდეგი სერვისები:
→ საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
→ ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება;
→ სანოტარო მედიაცია;
→ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
→ ფაქტების კონსტატაცია;
→ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.
მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომლის შესაბამისად მიწის რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, 2016 წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში.
ცვლილება რეფორმის 2019 წლის 1 ივლისამდე გაგრძელების შესახებ უკვე შესულია შესაბამის კანონში „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“.