დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ ცვლილების თანახმად, კირქვის მოპოვებისათვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის განახლებული განაკვეთი 14 თეთრის ნაცვლად 28 თეთრით განისაზღვრება.
„კირქვა ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ბუნებრივი რესურსია და მისი მომპოვებელი სექტორი საქართველოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მოგეხსენებათ, ადგილობრივი რესურსის მოპოვების მოსაკრებელი მიიმართება ადგილობრივ ბიუჯეტში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია რესურსის მოპოვებითი საქმიანობს შედეგად გაიზარდოს იმ მუნიციპალიტეტების საშემოსავლო ნაწილი, სადაც მდებარეობს რესურსების მოპოვების არეალი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ მომპოვებელთა სექტორთანაც“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
რაც შეეხება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ ეს იმით არის გამოწვეული, რომ მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში აისახოს.