
ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიან მაგისტრალურ გზასა და გვირაბებზე – სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება 5 ხიდი და 5 გვირაბი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ ხიდს.
უკვე დასრულებულია 9-კილომეტრიანი მთავარი და საევაკუაციო გვირაბების გაყვანა, რომლებიც სოფელ წკერეს სოფელ კობთან აკავშირებს. მთავარ გვირაბში დასრულდა სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში – რკინა-ბეტონის მოსახვის სამუშაოები. ახალი 9 კმ-იანი გვირაბი, რომელიც TBM ტექნოლოგიით გაიჭრა, საქართველოში ყველაზე გრძელი და მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ინფრასტრუქტურული ობიექტი იქნება.
გარდა ამისა, გაჭრილია 1.5-კილომეტრიანი და 500-მეტრიანი გვირაბები, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო-მექანიკური სისტემების მონტაჟი.
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 5 ხიდიდან 4-ზე. დასრულდა დაბალანსებული კონსოლური ხიდის მშენებლობა – საქართველოში პირველი მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური ნაგებობა. 48 და 47 მეტრიანი ბურჯებით, იგი ამ დროისთვის ქვეყნის ყველაზე მაღალი ხიდია.
პროექტის ფარგლებში გრძელდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კავშირს კურორტთან.
ქვეშეთი–კობის მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ კობის მიმართულებით ზამთარში მოძრაობა აღარ შეიზღუდება; ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს საჭირო სერვისებზე წვდომას; მგზავრობა გახდება უფრო უსაფრთხო და კომფორტული.
გადასაადგილებლად საჭირო დრო საგრძნობლად შემცირდება: ქვეშეთი–კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება; თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად 1 საათსა და 45 წუთში ჩავალთ.
პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. მისი საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად, 2025–2026 წლებშია დაგეგმილი.