საქართველოში ქართული მთის ჯიშის ძროხის გენეტიკური მრავალფეროვნება შეისწავლეს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, აქტიურად აწარმოებს მცენარეთა, ცხოველთა, სასოფლო – სამეურნეო, მწერთა და სხვ. ადგილობრივი სახეობების, ჯიშების, ჯიშ-პოპულაციების მოძიებას, აღდგენას, კონსერვაციას და ახორციელებს მათთან დაკავშირებულ მულტიდისციპლინარულ, მათ შორის გენეტიკურ კვლევებს.
სწორად, ამ მიმართულებების შემადგენელი ნაწილია ის კვლევები, რომელიც ქართული ადგილობრივი ჯიშის ძროხის გენეტიკური მრავალფეროვნების, მათი პოპულაციურ-გენეტიკური სტრუქტურის და გენეტიკურ-ნათესაური კავშირების შესწავლასა და მსოფლიოში არსებულ ძროხის სხვა ჯიშებთან მათ ნათესაურ კავშირებს შეეხება.
ცენტრის მიერ მოძიებული ქართული მთის ჯიშის ძროხის ფშავ-ხევსურული და აჭარული პოპულაციებიდან, კვლევისთვის შერჩეულ იქნა 100 სულზე მეტი ტიპიური ინდივიდი და აღებულ იქნა ნიმუშები მიტოქონდრიული დნმ-ის სექვენირებისთვის.
ფილოგენეტიკური ანალიზის შედეგებმა აჩვენა ქართული მთის ჯიშის ძროხის ერთეული ინდივიდების მჭიდრო გენეტიკური კავშირები მთელს მსოფლიოში გავრცელებულ მსხვილფეხა პირუტყვის სხვადასხვა ჯიშებთან.
ამასთანავე, ქართული მთის ჯიშის ძროხის პოპულაციებში გამოვლინდა მანამდე უცნობი ჰაპლოტიპები და მათი მიტოქონდრიული გენომის უნიკალური მუტაციები, რომლებიც ხევსურულ და აჭარულ პოპულაციებს გამოყოფს ძროხის გლობალური პოპულაციებიდან.
ერთობლივი კვლევები განხორციელდა 2020-2024 წ.წ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ( №FR-19-21496) „ქართული მთის ჯიშის ძროხის გენეტიკური მრავალფეროვნების განსაზღვრა და სხვა ჯიშებთან ნათესაური კავშირის დადგენა“ ფარგლებში და მასში სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომლები მონაწილეობდა.
მიტოქონდრიული დნმ-ის სექვენირება განხორციელდა რ.ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზაზე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიაში.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა ინფორმაცია DAD-IS (Domestic Animal Diversity Information System) გლობალურ მონაცემთა ბაზისათვის. ასევე, მიტოქონდრიული დნმ-ის სექვენირების მონაცემები განთავსდა აშშ-ს ბიოტექნოლოგიის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის ნუკლეოტიდურ ბაზაში (National Center for Biotechnology Information ).
ყველა ზემოაღნიშნული აღმოჩენები მყარ საფუძველს იძლევა საქართველო აღიარებულ იქნეს ძროხის მოშინაურების უძველეს კერად.
იხილეთ აგრეთვე: ძროხის ქართული ენდემური-აბორიგენული ჯიშები