ჯუგაანში კაკლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

კაკლის

სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, კაკლის შემნახველ-გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ.  

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ კაკლის  შემნახველ-გადამმუშავებელ საწარმო „ჯივიენში“, ერთდროულად, 300 ტონა კაკლის შენახვა-გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია.

საწარმოში, ჯამურად, დაახლოებით  2 მლნ ლარის   ინვესტიცია განხორციელდა; მათ შორის, USAID-ის გრანტი 75,000 აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო  თანადაფინანსება  – 500,000 ლარია. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

„კომპანია „ჯივიენი“ არის კარგი მაგალითი, როდესაც დონორის დაფინანსება და სახელმწიფო კონტრიბუცია ერთობლივად იქნა გამოყენებული ახალი საწარმოს შექმნისთვის“, – განაცხადა  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.

„ჩვენ გავხსენით საწარმო, რომელიც დაეხმარება ქართულ კაკალს ექსპორტზე გავიდეს ევროკავშირის მაღალი ღირებულების ბაზრებზე. ეს არის  ამერიკისა და  საქართველოს მთავრობებსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის კარგი მაგალითი. ეს არის მაგალითი, თუ როგორ ეხმარება ამერიკა, ამერიკის მთავრობა სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას“, – აღნიშნა USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მიშელ კოშიელსკიმ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ჯამში, 232 საწარმოა თანადაფინანსებული; სახელმწიფო გრანტის ოდენობამ 112 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

თქვენი რეკლამა