ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის წყლისა და ურბანული განვითარების დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წყლისა და ურბანული განვითარების დეპარტამენტის დირექტორ ნორიო საიტოს და ამავე ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლამს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებისა და ურბანული განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები.
მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროექტების პროგრესზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები მაღალი ტემპით ვითარდება. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ბანკის მხარდაჭერით უკვე დასრულებული პროექტების მნიშვნელობაზე როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის, ისე წყალმომარაგების სექტორის განვითარებისათვის.
ბანკის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს პროექტების შესრულების პროგრესს და სრული მზაობა გამოთქვეს მხარდაჭერის გასაგრძელებლად და გასაფართოებლად
მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზეც ისაუბრა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე ანდერს პეტერსონი, საქართველოს მისიის ურბანული განვითარების უფროსი სპეციალისტი მარია პია ანკორა და უფროსი პროექტ მენეჯერი ავთანდილ ცხვიტავა.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ბანკი წარმოდგენილია სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებაში. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს წყალმომარაგების, საგზაო, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები. დიდია ბანკის მხარდაჭერა რეგიონების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებითაც.