ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა.
ტოკიოში გამართულ ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ. მათ იაპონელ პროფესიონალებთან ერთად შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართულ ღვინოებს. ტოჩინოშინის სტუმრობა გამოფენის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.
ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო: დისტრიბუტორები, იმპორტიორები, სომელიეები, რესტორატორები და ა.შ.
დეგუსტაციებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და იგი წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge”-ს, რომელიც ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში 2017 წლიდან ახორციელებს.
ქართული ღვინის ექსპორტს იაპონიაში დიდი პოტენციალი აქვს, და ისევე როგორც მთლიანად აღმოსავლეთ აზიის რეგიონი, იაპონია ქართული ღვინის მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინის კომპანიები წარმოდგენილი იქნება იაპონიის მასშტაბურ გამოფენებზე „Wine & Gourmet Show” და ,,FOODEX JAPAN”, ასევე სპეციალიზირებულ დეგუსტაციებზე იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში.
ამასთან ერთად, ტოკიოში სასტუმრო “Conrad Tokyo”-ში საერთაშორისო კონკურსი „Japan Wine Challenge”-ის მე-20 საზეიმო დაჯილდოების ღონისძიება და გალა ვახშამი გაიმართა, რომელსაც იაპონიის პრინცესა ტაკამადო დაესწრო და გამარჯვებულებს პირადად მიულოცა, რომელთა შორის ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებიც იყვნენ.
კერძოდ, გასულ წელს გამართულ აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში „20th Japan Wine Challenge 2017″ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს შემდეგმა ქართულმა ღვინოებმა: კომპანია „ჩიგოგიძე ვაინს”-ის „საფერავი 2015″-მა მოიპოვა კონკურსის უმაღლესი ჯილდო – პლატინის მედალი და რეგიონალური „ტროფი”, როგორც საუკეთესო წითელი ღვინო საქართველოდან.
2 ოქროს მედალი მოიპოვა „ვაზიანი კომპანის” ხაზის „მაყაშვილის მარნის” ღვინოებმა „მწვანე 2016″ და „ხიხვი 2016″. „ხიხვი 2016″-მა ასევე დაიმსახურა რეგიონალური „ტროფი”, როგორც საუკეთესო თეთრმა ღვინომ საქართველოდან.
გალა ვახშამის ფარგლებში გაიმართა საქველმოქმედო აუქციონი. საღამოს ოფიციალური სპონსორი „მეღვინეობა ვაზიანი” იყო.