ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს – კენიჩი ოჰაში
ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის ბაზრის კვლევის მიზნით საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია.
იაპონელ ღვინის პროფესიონალს თან ახლავს იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ჟურნალის (JSA) წარმომადგენელი, ღვინის მწერალი აკიჰიკო იამამოტო, რომელიც 2018 წელს JSA-ში გამოსაქვეყნებლად ქართულ ღვინოზე ვრცელ სტატიას ამზადებს.
კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და მისი ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და იაპონელ მომხმარებლისთვის შეთავაზებაა. საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს იაპონელმა სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში, დაათვალიერეს სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა, ეწვიენ ღვინის კომპანიას „შატო მუხრანს”. ვიზიტი კახეთში გაგრძელდა და სტუმრებს საერთო ჯამში შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო.
კენიჩი ოჰაშიზე ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
„ქართულ ღვინოზე ფანტასტიური შთაბეჭდილება დამრჩა, ჩემთვის ნამდვილად სამარცხვინოა, რომ აქამდე არ ვიცნობდი ქართულ ღვინოს. იაპონელებს მოსწონდათ საქართველოს ისტორია, მაგრამ ღვინოს არ ვიცნობდით. როდესაც აქ ჩამოვედი უამრავი ინფორმაცია მივიღე, მათ შორის საქართველოს ღვინის 8 000-წლიანი ისტორიის შესახებ.
საქართველო ნამდვილად ღვინის პირველი მწარმოებელია, რის გამოც პატივისცემას იმსახურებს. ასევე საინტერესოა ჯიშების მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალია და მინდა კიდევ უფრო მეტი გავიგოთ იაპონიაში ქართული ღვინის შესახებ, რადგან ეს უძველესი ისტორიული ცოდნაა, რაც ჩვენთვის სრულიად ახალია. მოხარული ვარ აქ ყოფნით, ჩემი აზრით ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს.
როგორც იცით, იაპონური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალურ ძეგლს წარმოადგენს და ქვევრში ღვინის დამზადებაც ასევე მსოფლიოს არამატერიალურ ძეგლთა სიაშია, მათი კომბინაცია კი ორმაგ არამატერიალურ მემკვიდრეობას ქმნის. ქართული ღვინოების უმრავლესობა მკვეთრად გამორჩეულია. ქართული ღვინო იაპონურ სამზარეულოს არაჩვეულებრივად ესადაგება, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იაპონურ ბაზარზე ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს” – აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.
იაპონელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ღვინის კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი”, „გიუაანი”, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა”, ‘შუმი”, „თელავის ღვინის მარანი”, „თელედა”, „შუხმანის ღვინოები”, „ვაზიანი კომპანი”, „შალაურის ღვინის მარანი”, „მარანული”, „კახა ჭოტიაშვილის მეღვინეობა”, „მეღვინეობა ხარება”, ასვე ესტუმრნენ ქვევრის მწარმოებელს ზაზა კბილაშვილს, სადაც ადგილზე გაეცნენ ქვევრის წარმოების ტექნოლოგიას, ქართლში დააგემოვნეს „გოცას ღვინოები”.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, კენიჩი ოჰაში წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიას „Red Bridge”, რომელიც 2017 წელს ახორციელებს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში.