ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო უბანზე, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებთან ერთად, 15 000-მდე წითელი ნუსხით დაცული იმერული და წაბლფოთოლა მუხის ასევე, ნეკერჩხლისა და აკაციის სახეობის ნერგები დაირგო.
კომპლექსური პროექტი 18 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ტყის აღდგენა-გაშენების ფართობი სპეციალური შესწავლის საფუძველზე შეირჩა, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უზრუნველყოფს მარეგულირებელი ეკოსისტემური სერვისების გაძლერებას ნიადაგის დაცვის თვალსაზრისით.
გურიის რეგიონში ტყის აღდგენის პროექტს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო.
„ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების ყოველწლიური ზრდა სატყეო რეფორმის ერთერთი ძირითადი კომპონენტია. ჩვენ გვაქვს ტყის აღდგენა-გაშენების გრძელვადიანი გეგმა, რომლის თანახმადაც 2026 წელს ეროვნული სატყეო სააგენტო ღონისძიებებს ქვეყნის 9 რეგიონში, 2600 ჰა-მდე ფართობზე განახორციელებს. ხოლო, 2036 წლისთვის ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰა-მდე ფართობზე იქნება განხორციელებული“ – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშილმა.

