გორში ფერმერებს ხეხილის ახალი ჯიშები და თანამედროვე ბაღების გაშენების ტექნოლოგიები გააცნეს

ფერმერები, შეხვედრა, გორი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გორში, შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ფერმერებისთვის ხეხილის თანამედროვე წარმოების მეთოდებისა და ციფრული აგრომეტეოროლოგიური პლატფორმის შესაძლებლობების გაცნობა.

ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, ზვიად ბობოქაშვილმა, მონაწილეებს ხეხილის ახალი ჯიშები, თანამედროვე ბაღების გაშენების, სხვლა-ფორმირებისა და მოვლის აგროტექნოლოგიები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაღის სწორად ფორმირებას, აგროტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვას, მოსავლის ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი (GECSA) და მისი პრაქტიკული გამოყენება იყო. ფერმერებმა მიიღეს ინფორმაცია პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ამინდის პროგნოზის, კლიმატური რისკების შესახებ შეტყობინებების, მავნებლებისა და დაავადებების მოსალოდნელი გავრცელების პროგნოზისა და კულტურებზე მორგებული აგრონომიული რეკომენდაციების შესახებ. აღინიშნა, რომ აღნიშნული სერვისები ფერმერებს კლიმატური პირობების გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაგეგმვაში ეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ.

თქვენი რეკლამა