გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ახალი სცენარები

კუ, დონჟუ, გაერო

კუ დონჟუ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი

16/03/2022

ბოლო 2 წლის განმავლობაში, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას COVID-19-მა არაერთი გამოწვევა შეუქმნა. ამ მხრივ, დღეს კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე ვდგავართ უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო. ეს ქვეყნები მსოფლიო სურსათის წარმოებასა და მიწოდებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა – სიდიდით მეხუთე. ორივე ქვეყანა მსოფლიოს ქერის მარაგის 19%-ს, ხორბლის 14%-ს და სიმინდის 4%-ს აწვდის. ეს მსოფლიოში მარცვლეულის ექსპორტის ერთ მესამედზე მეტია. ისინი არიან რაფსის ზეთის მთავარი მომწოდებლებიც და მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის საექსპორტო ბაზრის 52%-ს ავსებენ. სასუქის გლობალურ მომარაგებაშიც წამყვანი მწარმოებელი რუსეთია.

უკრაინული და რუსული მარცვლეულისა და ზეთის მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის შეფერხებები, ამასთან, რუსეთიდან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, მსოფლიო სურსათის უსაფრთხოების სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის. ეს განსაკუთრებით აისახება იმ ორმოცდაათამდე ქვეყანაზე, რომელთა  ხორბლის მარაგის 30%, ან მეტი, რუსეთსა და უკრაინაზეა დამოკიდებული. ამ ქვეყნების დიდი ნაწილი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებსაც დაბალი შემოსავალი და სურსათის დეფიციტი აქვთ ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა  და ახლო აღმოსავლეთში. ბევრი ევროპული და ცენტრალური აზიის ქვეყანა სასუქის მარაგის 50%-ს რუსეთისგან ივსებს და ამ მხრივ დეფიციტი, შეიძლება, შემდეგ წლამდე გაგრძლდეს.

სურსათზე ფასები 2020 წლის მეორე ნახევრიდან იზრდებოდა, 2022 წლის თებერვალში კი ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზები იყო მაღალი მოთხოვნა, წარმოების შუალედური ხარჯები, ტრანსპორტირების ხარჯი და საპორტო შეფერხებები.

მაგალითად, 2021 წლის განმავლობაში, ხორბლისა და ქერის გლობალურმა ფასმა 31%-ით მოიმატა. 60%-ზე მეტით გაიზარდა რაფსისა და მზესუმზირის ზეთის ფასები. მაღალმა მოთხოვნამ და ბუნებრივი გაზის ფასის არასტაბილურობამ ასევე გაზარდა სასუქის ფასი.

მიმდინარე კონფლიქტის ინტენსიურობა და ხანგრძლივობა უცნობია. საქონლის ამ ორი დიდი ექსპორტიორი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო აქტივობები კი სავარაუდოდ შეფერხდება, რამაც, შეიძლება მსოფლიოს სურსათით მომარაგებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. ეს მაშინ, როცა საერთაშორისო საკვებისა და საქონლის ფასები უკვე მაღალი და არასტაბილურია. კონფლიქტმა ასევე შეიძლება შეზღუდოს უკრაინის მსყიდველობითი უნარი და ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რაც მის სასურსათო საფრთხეებს გაზრდის.

მთავარი რისკფაქტორები

მარცვლეული კულტურების მოსავლის აღება ივნისში დაიწყება. გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა უკრაინელი ფერმერები სამუშაოების შესრულებას და ბაზრებისთვის მოსავლის მიწოდებას. მოსახლეობის მასობრივმა გადაადგილებამ სასოფლო-სამეურნეო სფეროში მომუშავეთა რიცხვი შეამცირა. რთული იქნება სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომა. ასევე, შეზღუდული იქნება საქონლისა და შინაური ფრინველის მოვლა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება.

შავ ზღვაზე უკრაინული პორტები დაიხურა. სახმელეთო ტრანსპორტი ხელშეუხებელიც რომ დარჩეს, შეუძლებელია მარცვლეულის სარკინიგზო გზით გადაზიდვა – საკმარისი, მოქმედი სარკინიგზო სისტემა არ არსებობს.  გემებს ჯერ კიდევ შეუძლიათ კრიტიკულ სავაჭრო წერტილში, თურქეთის სრუტეებში ტრანზიტი, საიდანაც დიდი რაოდენობით ხორბალი და სიმინდი გადის. შავი ზღვის რეგიონში სადაზღვევო  ხარჯის ზრდა გადაზიდვის ისედაც მაღალ ფასსა და საკვების იმპორტის ფასებს კვლავ გაზრდის. უცნობია, ხელშეუხებელი და ოპერირებადი დარჩება თუ არა საწყობები და გადამამუშავებელი მოწყობილობები.

ამ დროისთვის, შავ ზღვაზე რუსული პორტები ღიაა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე განსაკუთრებული შეფერხებები ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის. თუმცა, რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურმა სანქციებმა შესაძლოა შეზღუდოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება და ზრდა, რაც, საბოლოოდ, კიდევ უფრო გაზრდის ფასებს.

რუსეთი გლობალურ ენერგობაზარზე ლიდერი მოთამაშეა. მის ხარჯზეა გლობალური ქვანახშირის ექსპორტის 18%, ნავთობის 11% და გაზის 10%.

სოფლის მეურნეობას სჭირდება საწვავი, გაზი, ელექტროენერგია, სასუქი, პესტიციდები. ენერგია საჭიროა საკვები ინგრედიენტებისა და პროდუქტებისთვისაც.  მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეულმა ენერგოპროდუქტების ფასების ზრდის ტალღამ უარყოფითად იმოქმედა სასოფლო-სამეურნეო სექტორზეც.

მსოფლიოს მოსახლეობის 35%-თვის ხორბალი მთავარი საკვებია. მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება სწრაფად და მკვეთრად შეამციროს რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა ამ ხარვეზის შევსებას ექსპორტიორები. ხორბლის მარაგი უკვე მცირდება კანადაში, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები, არგენტინა და სხვა ქვეყნები, ალბათ, ექსპორტს შეზღუდავენ, რადგან შიდა მოხმარება იქნება უზრუნველსაყოფი.

ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნები გლობალური მიწოდების საზრუნავი გახდება. ეგვიპტე, თურქეთი, ბანგლადეში და ირანი მსოფლიოში ხორბლის მოწინავე იმპორტიორები არიან და რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის  60%-ს ყიდულობენ. ლიბანის, ტუნისის, იემენის, ლიბიის და პაკისტანის ხორბლის მარაგიც ამ ორ ქვეყანაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია. სავარაუდოდ, შემცირდება ვაჭრობა სიმინდზეც, რადგან ფასები გაიზრდება, ასევე, ჯერჯერობით არ მოელიან უკრაინიდან სიმინდის ექსპორტის დანაკლისის რაიმეთი შევსებას.

გაურკვეველია მზესუმზირის ზეთისა და სხვა ზეთების ექსპორტის ბედი. მზესუმზირის ზეთის მთავარმა იმპორტიორებმა, მათ შორის, ინდოეთმა, ევროკავშირმა, ჩინეთმა, ირანმა და თურქეთმა ან სხვა მომწოდებელი უნდა მონახონ, ან ის სხვა მცენარეული ზეთით ჩაანაცვლონ, რასაც ასევე გავლენა ექნება მაგალითად, პალმის, სოიოს და რაფსის ზეთზე.

რეკომენდაციები

  1. საკვებისა და სასუქის გლობალური ვაჭრობის ღიაობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს წარმოებისა და საბაზრო აქტივობების დასაცავად, რათა შიდა და გლობალური მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. მიწოდების ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს, რაც გულისხმობს მოსავლის, საქონლის, სასურსათო ინფრასტრუქტურისა და ყველა ლოგისტიკური სისტემის დაცვას.
  2. ახალი და უფრო დივერსიფიცირებული მომწოდებლების მოძებნა. შოკის აღმოსაფხვრელად, უკრაინასა და რუსეთიდან სურსათის იმპორტზე დამოკიდებულმა ქვეყნებმა ალტერნატიული მომწოდებლები უნდა მონახონ. ასევე, სურსათის არსებული მარაგების შიდა მოხმარებისთვის დივერსიფიკაცია დაგეგმონ, რადგან ხალხს ჯანსაღ საკვებზე ჰქონდეს წვდომა.
  3. მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა. მოწყვლადი ხალხის დასაცავად მთავრობებმა სოციალური უსაფრთხოების ქსელები უნდა გააფართოვონ. საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა შევიდნენ უკრაინაში, რათა გასაჭირში მყოფ ხალხს დაეხმარონ. კონფლიქტი მსოფლიოში ბევრად მეტ ხალხს უბიძგებს სიღარიბისკენ და შიმშილისკენ. ჩვენ დროულად უნდა დავგეგმოთ სწორად ტარგეტირებული სოციალური დაცვის პროგრამები.
  4. თავიდან ავიცილოთ დაუგეგმავი რეაქციები. ვიდრე სურსათის მარაგის უსაფრთხოებისთვის რაიმე ზომებს მიიღებენ, მთავრობებმა უნდა იფიქრონ საერთაშორისო მარკეტებზე მათ პოტენციურ გავლენაზეც. შესაძლოა, საიმპორტო ტარიფის შემცირებამ და საექსპორტო აკრძალვებმა, მოკლევადიან პერსპექტივაში, ცალკეული ქვეყნის სურსათის უსაფრთხოების გამოწვევები მოაგვაროს, მაგრამ გლობალურ ბაზარზე ფასები გაზარდოს.
  5. საბაზრო გამჭვირვალობის და დიალოგის გაძლიერება. როცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზარი არასტაბილურია, გლობალური მარკეტის და მის შესახებ ინფორმაციის მეტი გამჭვირვალობა მთავრობებსა და ინვესტორებს მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა G-20-ის სასოფლო-სამეურნეო ბაზრის საინფორმაციო სისტემა (AMIS), ობიექტური და დროული საბაზრო შეფასებებით, ამგვარი გამჭვირვალობის გაზრდას ხელს უწყობს.

თქვენი რეკლამა