
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ნატურალური წვენების საწარმო ექსპორტს 40 ქვეყანაში ახორციელებს.
ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა; მათ შორის 6,9 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 500,000 საგრანტო თანადაფინანსება.
საწარმოში, სადაც წელიწადში 3,000 ტონაზე მეტი ხილი და ბოსტნეული გადამუშავდება, მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე მსოფლიოს 40 ქვეყანაში.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural“ დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 270 საწარმოს შექმნა თანადაფინანსებულია 126 მლნ ლარზე მეტი ლარით.