აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საგარეო სასოფლო-სამეურნეო სამსახურის (USDA FAS) ანგარიშის მიხედვით, 2026/27 მარკეტინგულ წელს ევროკავშირში ვაშლის კომერციული წარმოება წინა წელთან შედარებით 13,5%-ით შემცირდება.
პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, მიმდინარე სეზონი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსავლიანობის მხრივ რიგით მეორე ყველაზე დაბალი იქნება.
ევროკავშირი მსოფლიოში ვაშლის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და მომხმარებელია. კომერციული წარმოება გაერთიანების თითქმის ყველა წევრ ქვეყანაშია განვითარებული, მალტის გარდა. კვიპროსში, ესტონეთსა და ლუქსემბურგში წარმოების მოცულობა უმნიშვნელოა და ანგარიშში გათვალისწინებული არ არის. ევროკავშირის ვაშლის მთლიანი კომერციული წარმოების 81% ხუთ წამყვან ქვეყანაზე — პოლონეთზე, იტალიაზე, საფრანგეთზე, გერმანიასა და ესპანეთზე მოდის.
ევროპელი მეხილეები მზარდი გამოწვევების წინაშე დგანან. არახელსაყრელი ამინდის პირობებით გამოწვეულ რისკებს ემატება საწარმოო საშუალებების გაძვირება, სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებაზე დაწესებული სულ უფრო მკაცრი შეზღუდვები და არასაკმარისი სარეალიზაციო ფასები, რომლებიც გაზრდილ ხარჯებს ვერ ფარავს.
შედეგად, ფერმერების ნაწილი ინვესტიციებსა და ძველი ბაღების განახლებას აყოვნებს, ზოგიერთმა კი დანაზოგები ამოწურა და საქმიანობა შეწყვიტა. ამასთან, საპენსიო ასაკს მიახლოებულ ფერმერებს სულ უფრო უჭირთ ისეთი მემკვიდრეების პოვნა, რომლებიც მათ მეურნეობას გადაიბარებენ.
ბაღების ფართობების შემცირება
2026/27 მარკეტინგულ წელს ევროკავშირში ვაშლის მოსავლის ასაღები ფართობი 1,4%-ით შემცირდა. კლება ძირითადად ესპანეთში, პოლონეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ნიდერლანდებსა და ჩეხეთში დაფიქსირდა. 100 ჰექტარზე ნაკლებით შემცირდა ფართობები სლოვენიასა და იტალიაში.
ბაღების ფართობების შემცირებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი განაპირობებს:
- დაბალი რენტაბელობა და ახალი ბაღების გაშენებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯები;
- წყლისა და პესტიციდების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები;
- თაობათა ცვლის სირთულე და ნაკლებად პროდუქტიული ბაღების თანდათანობითი ამოძირკვა;
- ფერმერების მიერ სხვა კულტურების მოყვანაზე გადასვლა — ძირითადად მსხლის წარმოებაზე (პოლონეთში), ბლისა და ალუბლის მოყვანაზე (პოლონეთსა და ესპანეთში).
ბულგარეთში, ლიეტუვასა და საბერძნეთში ბაღების ფართობები წინა სეზონის შემდეგ ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა. ლატვია და დანია კი ერთადერთი ქვეყნებია, სადაც ბაღების ფართობი გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს აღემატება.
წარმოების დინამიკა და კლიმატური გამოწვევები
წარმოების მკვეთრი კლება პირდაპირ უკავშირდება რთულ კლიმატურ პირობებს. თბილმა ზამთარმა ვაშლის ხეების ნაადრევი ყვავილობა გამოიწვია, რის გამოც აპრილის მეორე ნახევარსა და მაისში დაფიქსირებულმა გვიანმა ყინვებმა განსაკუთრებით დააზიანა პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და რუმინეთის ბაღები.
გარდა ამისა, ზაფხულის სიცხემ და გვალვამ, განსაკუთრებით პოლონეთსა და საფრანგეთში, ნაყოფის წვრილი ზომა, მზისგან დამწვრობა, ნაადრევი ცვენა და ხარისხის გაუარესება გამოიწვია. სეტყვამ კი მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ნიდერლანდების, ბელგიის, ჩრდილოეთ გერმანიისა და ჩეხეთის ბაღებს.
აბსოლუტურ მაჩვენებლებში წარმოების ყველაზე დიდი კლება პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, ავსტრიასა და ბელგიაში დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის ზრდაა მოსალოდნელი საბერძნეთში, ესპანეთსა და ლიეტუვაში, ხოლო შედარებით მცირე მატება — ბულგარეთში, სლოვენიაში, ხორვატიასა და სლოვაკეთში, ეს ზრდა სხვა ქვეყნების დანაკარგებს ვერ ანაზღაურებს.
რაც შეეხება წინა, 2025/26 მარკეტინგულ წელს, მისი მონაცემები ოფიციალური სტატისტიკის საფუძველზე ზრდის მიმართულებით გადაიხედა, განსაკუთრებით პოლონეთსა და გერმანიაში. ეს მოსალოდნელზე მსხვილმა ნაყოფმა განაპირობა. შედეგად, იმპორტის მოცულობა თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით ნაკლები, ხოლო ექსპორტი მეტი აღმოჩნდა.
ორგანული (ბიო) წარმოების სირთულეები
წლების განმავლობაში ევროკავშირში ორგანული ვაშლის წარმოება მზარდი სეგმენტი იყო, თუმცა საერთაშორისო კრიზისებისა და ინფლაციის ფონზე სამომხმარებლო მოთხოვნა შემცირდა. მაღალი ფასების გამო მყიდველები ბიოპროდუქტებზე უფრო მეტად ზოგავენ, ვიდრე ჩვეულებრივ სურსათზე. დარგის სპეციალისტები შიშობენ, რომ მიწოდებამ შესაძლოა მოთხოვნას გადააჭარბოს. ამის გამო მეხილეები თავს იკავებენ ბიობაღების გაფართოებისგან, ზოგიერთ შემთხვევაში კი კვლავ ტრადიციულ წარმოებას უბრუნდებიან.
ევროსტატის 2024 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ორგანული ვაშლის ბაღების 83% ექვს ქვეყანაზე მოდის: საფრანგეთზე, გერმანიაზე, იტალიაზე, პოლონეთზე, უნგრეთსა და რუმინეთზე.
Prognosfruit-ის პროგნოზით, კლიმატური გამოწვევების გამო ევროკავშირში ორგანული ვაშლის წარმოება 2025 წლის 630 000 ტონიდან 544 000 ტონამდე შემცირდება. შედეგად, მთლიან კომერციულ წარმოებაში ბიოსექტორის წილი მცირედით — 5,54%-დან 5,53%-მდე დაიკლებს.
წყარო: USDA FAS
ფოტო: აგროკავკასია / AI

