ევროკავშირი დედოფლისწყაროში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

დედოფლისწყარო

ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭერას საქართველოში.

28 აპრილს, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაცია, „ჰექს-ეპერ საქართველო“ (HEKS-EPER GEORGIA) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს ოფიციალურად გახსნის.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიზის დეპარტამენტის თავმჯდომარე ეკატერინე ზვიადაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს და სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერი, ატაშე ალვარო ორტეგა აპარიციო, პროექტის დირექტორი, დეტლეფ დიქსი (HEKS-EPER), მალხაზ მერაბიშვილი, დედოფლისწყაროს გამგეობა და ნუგზარ პაპიაშვილი, დედოფლისწყაროს საკრებულო.

აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იხილეთ თანდართული დღის წესრიგი.

პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის“, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს „ჰექს-ეპერ საქართველო“ (HEKS-EPER GEORGIA) ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია „ელკანა“ (ELKANA)-სთან ერათად.

პროექტი მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირებას, მოსახლეობისთვის დასაქმებაში ხელშეწყობასა და მათი შემოსავლების გაზრდას.

ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარებას სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით. 2013 წლიდან ENPARD-ის საერთო ბიუჯეტი 102 მილიონი ევროს შეადგენს და მთავარ მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს.

ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს ფილიალში 12:00 საათზე დაიწყება.

თქვენი რეკლამა