ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
წელს კომპანია „აგროსფერომ“ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, სადემონსტრაციო სათბურში, სადემონსტრაციო ვენახში,
სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის წარმოებაში, მექანიზაციის სერვისში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებსა და სათბურებში გაიარონ.
გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია, რომელიც „აგროსფეროს“ სტიპენდიატებს ახლოდან გაგაცნობთ. ამჯერად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის პროგრამის III კურსის სტუდენტს, მიხეილ ნატროშვილს ვესაუბრეთ.
მიხეილ, როგორ გაიგეთ „აგროსფეროს“ სტიპენდიის შესახებ და იცნობდით თუ არა მანამდე კომპანიის საქმიანობას?
დიახ, „აგროსფეროს“ მანამდეც ვიცნობდი, მეტიც, საკუთარი მეურნეობა მაქვს და მისი პროდუქციის მომხმარებელი ვარ. გარდა ამისა, ყოველთვის ვინტერესდებოდი კომპანიის ვაკანსიებით აგრარული უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმებზე. სტუდენტები კარგად ვიცნობთ „აგროსფეროს“ სტიპენდიატებსაც, რადგან მათი ფოტოები და ფრაზები ჩვენს ბიბლიოთეკაშია გამოკრული.
რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ მსგავსი ტიპის პროგრამები?
ჩემი აზრით, ამგვარი პროგრამები უფრო მეტად გვიღვივებს სტუდენტებს სწავლის სურვილს. როცა იცი, რომ ამგვარი რამ არის ხელმისაწვდომი, უფრო მეტად ცდილობ კარგად სწავლას. მეორე მხრივ, ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ეს მოტივაცია რაღაცით ჯილდოვდება. რაც შეეხება სტაჟირებას, ის ერთგვარი გზამკვლევია შემდგომი განვითარებისთვის.
რატომ დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით?
ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი ბავშვობაში დაიწყო. დაახლოებით 50 წლის წინ პაპაჩემმა ვენახი გააშენა, რომლის მოვლაში მეც ვიღებდი მონაწილეობას. სხვლა თუ სხვა მწვანე ოპერაციების ჩატარება, მოსავლის აღება და ღვინის კეთება ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამავდროულად, ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი პროფესიულად არ კეთდებოდა და პაპაჩემის მეურნეობა მხოლოდ წინაპრებისგან ბოძებულ ცოდნასა და გამოცდილებას ეფუძნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, უკეთ შემესწავლა ეს სფერო და სიღრმისეულად მცოდნოდა ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენებისთვის საჭირო ყველა ოპერაცია.
მიხეილ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
უახლოესი გეგმები ჩემს სწავლას შეეხება. სექტემბერში ორი თვით უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამით საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მივდივარ, სადაც ერთ-ერთ ცნობილ მარანში გავივლი პრაქტიკას. საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კი, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას. საბოლოოდ, ჩემი თავი კერძო სექტორში წარმომიდგენია, საკუთარი ვენახითა და მეღვინეობით.