ესპანეთში ბოსტნეულის ბაზარი სერიოზულ რყევებს განიცდის. ბოლო კვირებში დეფიციტმა იმდენად იმატა, რომ ფასები ისტორიულ მაქსიმუმებთან ახლოს მივიდა, ხოლო ზოგი პროდუქტი ბაზარზე უბრალოდ აღარ არის იმ რაოდენობით, რასაც საცალო ქსელები ითხოვენ.
პრობლემის მთავარი მიზეზი ამინდის ფაქტორია. ზამთრისა და ადრეული გაზაფხულის პერიოდში სამხრეთ რეგიონებში, განსაკუთრებით ალმერიასა და მურსიაში, სადაც ქვეყნის ძირითადი ბოსტნეულის წარმოებაა კონცენტრირებული, ერთდროულად რამდენიმე ნეგატიურმა მოვლენამ იმოქმედა – დაბალი ტემპერატურა, ძლიერი წვიმები და მზის ნაკლებობა. შედეგად მცენარეების განვითარება შეფერხდა და მოსავალი შემცირდა.
სწორედ ეს რეგიონებია ევროპისთვის ე. წ. „ბოსტნეულის ბაღი“, ამიტომ ადგილობრივი პრობლემები ავტომატურად აისახება მთელ კონტინენტზე. როდესაც მიწოდება მცირდება, ბაზარი ძალიან სწრაფად რეაგირებს – ფასები იზრდება თითქმის ყველა პოზიციაზე, განსაკუთრებით კი პომიდორზე, კიტრზე, წიწაკასა და სალათის ჯგუფზე.
ამ ეტაპზე ზოგიერთ პროდუქტზე ფასების ზრდა უკვე ორნიშნა პროცენტებით იზომება, ხოლო პრემიუმ ხარისხის ბოსტნეულზე რეკორდულ ნიშნულებსაც კი უახლოვდება. საცალო ქსელებს უწევთ ალტერნატიული მომწოდებლების ძიება, თუმცა მოკლე პერიოდში ეს ყოველთვის ვერ მუშაობს, რადგან სეზონურ წარმოებას სწრაფად ვერ ჩაანაცვლებ.
ფერმერებისთვის სურათი ერთგვარად პარადოქსულია. ერთი მხრივ, ვინც მოსავალი შეინარჩუნა, მაღალი ფასების პირობებში უფრო მეტ შემოსავალს იღებს. მაგრამ მეორე მხრივ, ბევრმა მწარმოებელმა რეალურად დაკარგა ნაწილი ან მთელი მოსავალი, რაც საერთო სურათს ნეგატიურს ტოვებს.
ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რამდენად მგრძნობიარეა ევროპული აგროსექტორი კლიმატური ცვლილებების მიმართ. ერთი სეზონის ჩავარდნა საკმარისია, რომ მთელი მიწოდების ჯაჭვი დაირღვეს და ფასები მკვეთრად გაიზარდოს.
თუ ტენდენცია გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში ევროპაში ბოსტნეულის ბაზარი უფრო მეტად დივერსიფიკაციისკენ წავა – გაიზრდება ინტერესი სხვა მომწოდებელი ქვეყნების მიმართ და გაძლიერდება სათბურის წარმოების როლი, როგორც უფრო სტაბილური ალტერნატივა ღია გრუნტთან შედარებით.
ფასების მონიტორინგი: პომიდორი და წიწაკა (ძირითადად ტკბილი, ე.წ. ბულგარული ტიპი)
პომიდვრის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ექსპერტების (მათ შორის MG Fruit-ის ლუის რამოსის) თქმით, წვრილნაყოფიანი ჯიშები კილოგრამზე 4-5 ევროს ფარგლებში იყიდება. კლასიკური მრგვალი პომიდვრის ფასი თითქმის გაქრა დახლებიდან, იშვიათი პარტიები კი 2.20 ევროზე მეტ ფასად იყიდება.
წიწაკის ბაზარი უკეთეს მდგომარეობაში არ არის:
- წითელი წიწაკა: 20 ევრო ყუთზე;
- ყვითელი წიწაკა: 14-15 ევრო ყუთზე;
- მწვანე წიწაკა: 11-12 ევრო (ფასების უმნიშვნელო კლება განპირობებულია ნიდერლანდებიდან გადაზიდვების დაწყებით).
* სტანდარტული ყუთი დაახლოებით 5 კგ-ს შეადგენს.
არასტაბილურობა ყველა მიმართულებით
ყაბაყისა და ბადრიჯნის ფასები პიკურად იზრდება. 21-22 ევრომდე პიკის შემდეგ, თითო კოლოფზე ფასი 4 ევრომდე დაეცა, მაგრამ მარტის შუა რიცხვებისთვის 10-11 ევრომდე ავიდა.
ამ ეტაპზე მთავარი კითხვა ერთია – რამდენ ხანს გაგრძელდება დეფიციტი და შეძლებს თუ არა ბაზარი სწრაფად დაბალანსებას, როდესაც ამინდის პირობები ნორმალიზდება.
ბოსტნეულის ნერგის (ჩითილის) გაკაჟება – პრაქტიკული ეტაპობრივი სქემა

