ბიომასის ენერგიის წარმოება საქართველოს მდგრადი განვითარებისათვის

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა (GEF) შეაჯამეს ოთხწლიანი ინიციატივის შედეგები, რომლის მიზანი იყო ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში.

2017 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა პროგრამის დასკვნითი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მთავრობის, ბიომასის მწარმოებელი კომპანიებისადა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 70 პროცენტი გათბობის მთავარ წყაროდ კვლავ შეშას მოიხმარს, რომელიც უმეტესწილად ტყის არაკანონიერი გაჩეხვის გზითაა მიღებული. ბიომასის წარმოება არა მარტო გადაარჩენს საქართველოს ტყეს, არამედ შექმნის მდგრადი ადგილობრივი წარმოებისა და დასაქმების შესაძლებლობებს“, -თქვა შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.

ეკატერინე გრიგალავამ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისებისათვის.

„სწორი სახელმწიფო პოლიტიკისა და პროაქტიური ბიზნეს მიდგომების პირობებში საქართველო უდიდეს წარმატებას მიაღწევს განახლებადი ენერგიის წარმოებისა და მოხმარების სფეროში“, – აღნიშნა მან.

ბიომასის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო 2013 წელს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF)და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)დაფინანსებით, რომელმაც 1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ოთხი წლის მანძილზე, ამ ინიციატივის ხელშეწყობით შემუშავდა საქართველოს პირველი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ბიომასის წარმოებისა და გამოყენების საკითხებში და დაფუძნდა ბიომასის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაცია.

თბილისში, მანავსა და ახმეტაში გაიხსნა ბიომასის მცირე საწარმოები, ხოლო წარმოებული ბრიკეტების რაოდენობამ 2016 წლიდან 2 ათას ტონას გადააჭარბა.

გარდა ამისა, ჩატარდა ბიომასის წარმოებისა და მოხმარების პოტენციალის კვლევა, ხოლო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა ტრენინგი ბიომასის მწარმოებლებისა და მომხმარებლებისათვის.

თქვენი რეკლამა